ვიდეო ▶ ვიდადი აბასოვი: „აზერბაიჯანელებისთვის ეს მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, ქართველებისთვის – წმინდა ადგილი...მოდით, გავუგოთ ქართველებს“

საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი ბოლო დღეებში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვიდეო-ბლოგით ეხმიანება, რომელშიც ქართველებსა და აზერბაიჯალენებს, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, ორი ქვეყნის ხელისუფლებებსა და პოლიტიკურ სპექტრს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს:

"აქცენტი" აბასოვის ბლოგიდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

„განზე ვერ დავრჩებოდი, რადგან მართალია, რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გახლავართ, დაბადებული საქართველოში და ჩემს სამშობლოდ საქართველო მიმაჩნია.

2019 წლის აღდგომის დღესასწაულის წინაპერიოდში მოწმენი გავხდით საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენისა: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია. ამის მიზეზად იქცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქცევა, რომლებმაც ქართველ სასულიერო პირებს სამონასტრო კომპლექსის ნაწილთან წვდომა შეუზღუდეს. ძალზედ გულსატკენია, რომ ეს მაინცდამაინც აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მოხდა და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ამ სიტუაციით ისარგებლა ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკურმა სპეკულიანტმა, ისეთებმა, როგორებიც არიან ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და სხვანი. მათ თავს უფლება მისცეს, შეურაცხყოფა მიეყენებინათ მთელი აზერბაიჯანელი ხალხისთვის. მე მინდა, მივმართო და შევახსენო მათ, რომ სწორედ ასეთი გამოხტომები უწყობდა ხელს 80–იან წლებში საქართველოში სეპარატისტული განწყობების გაღვივებას და საბოლოოდ დეტონატორის როლი შეასრულა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმის აფეთქებაში (რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტებში გადამწყვეტი როლი მოსკოვს ჰქონდა და მის გარეშე ეს ორი რეგიონი საქართველოს არასდროს გამოეყოფოდა). ამ ბატონებს დაავიწყდათ, რომ იმავე აზერბაიჯანელმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთხელ გაუწია დახმარება ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები ამ ბატონებს არ ადარდებთ. მეტსაც გეტყვით, მსგავსი პოლიტიკური სპეკულიანტები ხალხის მტრებად მიმაჩნია! და, სამწუხაროდ, პროვოკაციას აჰყვნენ აზერბაიჯანელი ურა–პატრიოტებიც. შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს...

მოდით, გადავხედოთ მხარეთა არგუმენტებს: ქართველების ვერსიით, დავით–გარეჯის მონასტერი 1400–ზე მეტი წლის განმავლობაში მორწმუნე ქართველების სალოცავი და ქართველი სასულიერო პირების ღვთისმსახურების ადგილია; თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ ეს არა ქართული, არამედ ალბანური ტაძარია, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის - ისტორიული ძეგლი... მინდა, ვკითხო ჩემს აზერბაიჯანელებს: ძვირფასებო, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა პირველად – ალბანელებმა თუ ქართველებმა? ამას აზერბაიჯანელებისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს?! ეს მთელი კომპლექსია, რომელიც ასწლეულების განმავლობაში შენდებოდა, რამდენადაც ვიცი, მისი მშენებლობა მეოთხე საუკუნეში დაიწყო და შემდეგ გააგრძელეს ქართველებმა. იცით ისიც, რომ ქართველებისთვის ეს არა ისტორიული ძეგლია, როგორც აზერბაიჯანელებისთვის, არამედ სასულიერო სიწმინდე, სალოცავი, სადაც წმინდანთა ნეშტები განისვენებს, ანუ ადგილი, რომელსაც ქართველები უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებიან. იცით ისიც, რომ ქართველი სასულიერო პირები იქ დღემდე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთი სიტყვით, ეს ქართველებისთვის წმინდა ადგილია და არა უბრალოდ ტერიტორია, არა უბრალოდ მიწა, არამედ საკრალური ადგილი, რომლის დასაცავადაც ისინი იბრძვიან, რადგან თვლიან, რომ ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაა ღმერთის წინაშე. ჩემოაზერბაიჯანელებო, მოდით, ეს კარგად გავითავისოთ და ნუ აღვიქვამთ ქართველების ამ ხედვას ტერიტორიულ პრეტენზიად, რადგან ამას ტერიტორიულ პრეტენზიებთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ მთელს სამონასტრო კომპლექსზე, რომლის ნაწილიც ბოლშევიკების დროს საზღვრების დანაწილებისას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. მეტსაც გეტყვით, ეჭვი მაქვს, რომ ბოლშევიკებმა საზღვარი გამიზნულად გაატარეს იმგვარად, რომ ქართველებისთვის წმინდა ადგილის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილიყო, რათა შემდგომში ეს ორ ხალხს შორის შენელებული მოქმედების ნაღმი გამხდარიყო და მათ ასწლეულების განმავლობაში ემტროთ ერთმანეთისთვის ამ მონასტრის გამო. აზერბაიჯანელებისთვის კი ეს მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია – მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ეს ადგილი ქართველებს ეკუთვნით და არა აზერბაიჯანელებს. ჩვენ, აზერბაიჯანელებს ოდესმე იქ გვილოცია? ჩვენს ისტორიაში მოიპოვება რაიმე ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებს ამ კომპლექსის მშენებლობაში ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა? - არა. მაშ მოდით, უფრო კეთილგანწყობილები ვიყოთ ქართველების მიმართ, წავიდეთ დათმობაზე, ეს ხომ მათთვის სულიერების საკითხია და არა ტერიტორიული და ასეთი საკითხების გადაჭრისას ძმამ ძმას პატივი უნდა სცეს [...]. 

გარდა ნათელაშვილისა და ოქრუაშვილისა, სოციალურ ქსელშიც აქტიურობს უამრავი ბატონი, ისინი გამოდიან ათასგვარი გაუგებარი მოწოდებით, მათ შორის - საქართველოდან აზერბაიჯანელების გასახლების თაობაზე და ა.შ. იხსენებენ ათას სისულელეს, ვინ უფრო ადრე მოვიდა და ვინ უფრო ადრე წავიდა...არც ერთი ნორმალური თანამედროვე, ცივილიზებული ადამიანი არ დაიწყებს დღეს საუკუნეების თვლას, რადგან თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი მიდგომა აღარ არსებობს, მსგავსი მიდგომით უნდა დავიწყოთ ამერიკის გათავისუფლება ბრიტანელებისგან, ფრანგებისა და სხვებისგან, რუსეთში ყველა რუსს ტვერისა და სმოლენსკის გუბერნიებში მოვუყაროთ თავი, - ერთი სიტყვით, მთელი მსოფლიო დავჭრათ და თავიდან შევკეროთ... მინდა, შეგახსენოთ, რომ აზერბაიჯანელები საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში მინიმუმ, 1000 წლის წინ ცხოვრობდნენ, - უბრალოდ სხვადასხვა ისტორიული გარემოებების გამო მათი რაოდენობა მერყევობდა, - და ისინი ყოველთვის ერთგულნი იყვნენ ქართველი მეფეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის [...]. მე ამას ქართველ ხალხს კი არა, პოლიტიკურ სპეკულიანტებს ვახსენებ. მინდა, ყველა ამ ავანტიურისტს ვკითხო: ახლა როგორ მოვიქცეთ? თქვენი განცხადებების, ქმედებების, სიტუაციის დაძაბვის „წყალობით“ შეიძლება, გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ! რა ვუთხრათ იმ აზერბაიჯანელ ახალგაზრდას, რომელიც ხვალ ქართულ ჯარში აპირებს მსახურს, როგორ ვუთხრათ მას, რომ მზად უნდა იყოს, საქართველოსთვის გასწიროს თავი, როცა ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეები სულ სხვა გზისკენ უბიძგებენ?! როგორ უნდა ავუხსნათ ამ ფონზე რიგით აზერბაიჯანელებს, რომ მათ საქართველო უნდა უყვარდეთ, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება უნდა მოახდინონ, უყვარდეთ საქართველო და მხოლოდ ქართული დროშა ატარონ? მსგავსი ავანტიურისტების „წყალობით“ სადღეისოდ ორ ხალხს შორის ბზარი წარმოიშვა და ახლა ორივე ქვეყანაში მცხოვრებ გონიერ ადამიანებს მისი ამოვსება მოუწევთ...

ასეთი ავანტიურისტები მრავლად გვყავს აზერბაიჯანშიც.  აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში დაახლოებით იგივე ხდება, რაც ქართულში. ეს კიდევ არაფერი, რადგან იქ ყველა იმას წერს, რაც სურს, ორივეგან ძალიან ბევრი „გმირია“ და უმთავრესად უტვინო, ამიტომ ამაზე არ შევჩერდები. მაგრამ არ შემიძლია, არ ვახსენო ხელისუფლებასთან აფილირებული გამოცემა „ჰაკინ აზის“ რედაქტორის პუბლიკაცია, რომელშიც ის გამოდის წინადადებით, საქართველოს მოეთხოვოს ბორჩალისაზერბაიჯანელების უფლებების აღდგენა, მათთვის ავტონომია და უამრავი სხვა სისულელე... პატივცემულო აზერბაიჯანელო ურა–პატრიოტებოაზერბაიჯანელო მყვირალებოდეპუტატებო, – ყველა, ვისაც შექმნილი ვითარებით სარგებლობა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენება სურს: გეკითხებით, ბორჩალოელებისთვის, ქვემო ქართლის მაცხოვრებლებისთვის  თუ გიკითხავთ ერთხელ მაინც, სურთ თუ არა მათ ავტონომია, საერთოდ თუ სურთ, რაიმე საქმე ჰქონდეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სურთ თუ არა, საქართველოს ხელისუფლებას რაიმე დამატებითი უფლება მოსთხოვონ? - თქვენ არ გიკითხავთ, მე კი რეგულარულად ვუწევ მონიტორინგს იქაურ განწყობებს და დამერწმუნეთ, თქვენზე ბევრი კონტაქტი და ინფორმაცია მაქვს იქაური აზერბაიჯანელებისგან: სადღეისოდ საქართველოში მცხოვრები 300 000 აზერბაიჯანელიდან არც ერთს არ სურს არც ავტონომია, არც აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება. ასე, რომ დაანებეთ თავი ბორჩალოს, იქაურ აზერბაიჯანელებს და ნუ ახვევთ თავს თქვენს სულელურ იდეებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობენ!ძალიან გთხოვთ, თავი დაანებეთ და დაკავდით თქვენი საქმეებით, რომლებიც, სხვათა შორის, ბევრი გაქვთ: აზერბაიჯანის ტერიტორიის მეოთხედი სომხეთის მიერ არის ოკუპირებული და ამას მიხედეთ, საქართველოს კი მოეშვით! ესაა ჩემი რჩევაც, თხოვნაც და, მე ვიტყოდი, მოთხოვნაც...

ახლა, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, რამაც ერთგვარი უსიამოვნო ნალექი დატოვა როგორც ქართველების, ისე აზერბაიჯანელების გულში და ამის გამო, სამწუხაროდ, შესაძლებელია ერთგვარი დაძაბულობა საყოფაცხოვრებო დონეზეც, მინდა, მივმართო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც: ნუ უსმენთ ნურავის და ხელ–ფეხით ჩაეჭიდეთ თქვენს სამშობლოს!

მივმართავ ქართველებსაც: ნუ დაგავიწყდებათ, რომ აზერბაიჯანი არაერთგზის მოსულა და კიდევ მოვა საქართველოს დასახმარებლად ყველაზე რთულ ჟამს. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ სიტუაციის დამშვიდებას და არა ულტრირებას.

ჯერ–ჯერობით მომხდარს მთლიანობაში საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობები არ გაუფუჭებია. თუ ორივე ქვეყნის ხელისუფლებები გონივრულად მოიქცევიან, პრობლემა თავის მოგვარებას ჰპოვებს.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ საქარველოს ხელისუფლებასაც აქვს გარკვეული შეცდომები გამოსასწორებელი. ამ კონტექსტში მინდა, ვახსენო აზერბაიჯანული ტოპონიმების შეცვლის გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო სწორი და ადგილობრივების განაწყენება გამოიწვია, ასევე მეჩეთების მშენებლობის თემა, ის, რომ მუსლიმებს უჭირთ მშენებლობის ნებართვის მოპოვება. იყო შემთხვევები, როდესაც ნებართვის მოპოვების შემდეგ ქართველი სასულიერო პირები ჩადიოდნენ, წინააღმდეგობასწევდნენ, მართავდნენ აქციებს.

მინდა, ამასთან დაკავშირებით უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მივმართო: ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მოგმართავთ თხოვნით, უფრო აქტიურად ჩაერთოთ ამ საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხანდახან ის, რასაც ქართველი სასულიერო პირები აკეთებენ, შეუთავსებელია ზოგადსაკაცობრიო და მართლმადიდებლობის პრინციპებთან და ზოგადად მორწმუნე ადამიანის ღირსებას არ ჰმატებს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელობა საკითხს გადაჭრის და სამომავლოდ მსგავსი უსიამოვნო ინციდენტები აღარ განმეორდება.

პრობლემების შესახებ ვისაუბრე, ყველა სხვა მხრივ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებები სრულად არის დაცული და ამ კუთხით ქართულ მხარესთან არ შეიძლება, რაიმე პრეტენზია არსებობდეს, ხოლო როგორ მოახდენენ ქართულ საზოგადოებაში მეტ ინტეგრირებას ამ პირობებში - ეს უკვე თავად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ხელშია.

დასასრულს დავით–გარეჯთან დაკავშირებით მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც მივმართო: ძალზედ სამწუხაროა, რომ ეს საკითხი 20–30 წლის განმავლობაში ვერ გადაიჭრა. მინდა, თქვენი ყურადღებაც გავამახვილო იმაზე, რომ ქართული მხრიდან ეს არ არის ტერიტორიული პრეტენზია, ეს სულიერი ფასეულობების თემაა, ეს არის ქართველი სასულიერო პირებისა დამორწმუნეების ქართულ ტაძარში წვდომის თემა და მოგმართავთ დიდი თხოვნით, ნუ დაავალებთ ამ საკითხის გადაჭრას თქვენს თანაშემწეებს, გარკვეულ სტრუქტურებს, რადგან ისინი აუცილებლადგაგიცრუებენ იმედებს და კიდევ რამეს ჩაიდენენ, პირად კონტროლზე აიყვანეთ ეს საკითხი, გამოიჩინეთ სულგრძელობა და კომპლექსის სადავო ნაწილი აჩუქეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, გნებავთ, იჯარით გაეცით, ან გადაცვალეთ რაღაც ტერიტორიაში – არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მოხსენით დღის წესრიგიდან ეს საკითხი. დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ უნდა დარჩეს ორ ხალხს შორის დავის საგნად. ჩვენი ხალხები განწირულები არიან მეგობრობისთვის,ძმობისთვის, სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის არა სიტყვიერად, არამედ საქმით. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ უმძიმეს რეგიონში და სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა ის, რომ ერთმანეთისთვის ნამდვილი ძმები იყვნენ. ქონებრივ საკითხებში დავები ძმებს შორისაც ხდება, მაგრამ გლობალურ მასშტაბში ჩვენი ძმობა და ერთობა გარდაუვალია, ხოლო ჩვენი კინკლაობა სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის. დიდი იმედი მაქვს, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული საზოგადოებები პრობლემას უფრო გონივრულად, ავანტიურიზმის და ურა–პატრიოტიზმის გარეშე, ცივი გონებით მიუდგებიან და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რომლამდეც ორი ქვეყნის ხელისუფლებები მივლენ“.

ცნობისთვის: სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.

„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე  წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.

1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.  

„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის  მზადაა“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp