რუსეთის მოქალაქეები – ტურისტული აფხაზეთის წინააღმდეგ

გასულ დღეებში რუსულ მედიაში გავრცელებულმა  ორმა ურთიერთსაპირისპირო სიახლემ,  რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ეხებოდა, მკითხველი საგონებელში ჩააგდო, სოციალური ქსელების აფხაზი და რუსი მომხმარებლები კი ერთმანეთს დააპირისპირა.

დავიწყოთ პირველი - ოკუპირებული რეგიონისთვის კარგი სიახლით: რუსეთის “ტურსტატის” 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, “რუს ტურისტებს შორის პოპულარულ კურორტებს შორის აფხაზეთი ლიდერობს. მასთან ერთად პირველ ათეულში მოხვდნენ ფინეთი, ყაზახეთი, ტაილანდი, ჩინეთი, ესტონეთი, უკრაინა, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და გერმანია. შემდეგ მოდიან იტალია, ვიეტნამი, ესპანეთი და საფრანგეთი. ამასთან, აფხაზეთის მაჩვენებლები გასული წლისას მნიშვნელოვნად  აღემატება.

მეორე - აფხაზეთისთვის ნეგატიური ამბავი კი ასეთია:  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსი ტურისტები რისკების  შესახებ  გააფრთხილა. მის სპეციალულრ ბრიფინგზე “საშიშ ქვეყნებს” შორის დასახელდნენ  ასევე ტუნისი, სადაც ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იმატა ტერორისტული თავდასხმების რისკმაც, ასევე ეგვიპტე და თურქეთი – არასტაბილური შიდა პოლიტიკური ვითარების გამო და ბრაზილია, სადაც ზიკათი დაავადების რისკია მაღალი. რამდენიმე დღეში კი რეგიონთაშორისმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “რუსულმა ხმამ“ ("Русский голос") რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა მოთხოვნით, აფხაზეთს არ გამოეყოს ფედერალური ბიუჯეტიდან 133,1 მლნ რუბლის ოდენობის დახმარება ფაროსანასთან საბრძოლველად. 

ამ მოთხოვნის მიზეზები ორგანიზაციის წერილში შემდეგნაირადაა განმარტებული:

„გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება რუსული მოსახლეობის მიზანმიმართული დევნა. დიდი საბიუჯეტო სახსრები, რომლის გამოყოფასაც რუსეთის მთავრობა ამ ლოკალური ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს, დაგეგმილია, მიიმართოს რესპუბლიკაში, რომელშიც ირღვევა ჩვენი თანამემამულეების, რუსების კანონიერი უფლებები. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ამ სახსრებს სოხუმის ხელისუფლება დარღვევებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, არამიზნობრივად გახარჯავს. უკვე დღეს შეიძლება, ითქვას, რომ მომავალ წელს მათ კვლავ ექნებათ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთაც „რუსეთის დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებიან“.

„რუსული ხმა“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც მიმართავს მოწოდებით, „აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეებისათვის საშიში ქვეყნების სიაში შეიყვანოს“. მიზეზების განმარტებისას ორგანიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში შემჩნეული შემდეგი ნეგატიური ტენდენციების ჩამონათვალი მოჰყავს:

  • „ახალგაზრდობის მასობრივი ჩართულობა უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებში, უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება, მაღალი პროცენტული მაჩვენებლები ისეთი დანაშაულებისა, როგორიცაა ძარცვა, შეიარაღებული და ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობა და სხვა, ჩადენილი 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების მიერ; 
  • მძიმე კატეგორიის დანაშაულების შემთხვევების ზრდა: მხოლოდ 2019 წლის პირველი თვეების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი იყო ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მიხეილ მასლოვის სახლზე შეიარაღებული თავდასხმა და მკვლელობა, რუს ბიზნესმენ მიხეილ ევალენკოს მკვლელობის მცდელობა დანაღმვის პროფესიონალური საშუალებების გამოყენებით, რუსი ინვესტორებისა და ეთნიკური რუსული მოსახლეობის ქონებების რეიდერული დაუფლება, განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბების კორუფცია რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების სახსრებთან მიმართებაში; 
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/გასაღება – ნარკომანიის ძალზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იქცა მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებაში კრიმინოგენული ვითარება მკვეთრად გააუარესა; აფხაზეთის შს ორგანოების მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთა თითქმის 3/4 ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/ ბრუნვას უკავშირდება;
  • მასობრივი წვდომა იარაღზე – ცეცხლსასროლი იარაღის საყოველთაო შენახვა/ტარება, რაც, მათ შორის, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირთათვის იარაღის ჯილდოდ გადაცემას უკავშირდება. ზაფხულის საკურორტო სეზონის პერიოდში ეს რუსეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნით, ვინაიდან იარაღის მფლობელების დიდი ნაწილი ამ პერიოდში საჯარო სივრცეში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება;
  • საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების კონტროლის ორგანოებში კორუფციის მაღალი დონე – რუს ტურისტებს, რომლებიც აფხაზეთის საავტომობილო გზებზე გადაადგილდებიან, ГАИ-ს თანამშრომლები დევნიან, ქრთამის მიცემას აიძულებენ, აშანტაჟებენ მართვის მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით. აფხაზეთის სამართალდამცველი სტრუქტურები რეალურად, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებებია, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას მხოლოდ და მხოლოდ პირადი სარგებლის მისაღებად იყენებენ;
  • უმძიმესი სოციალური ვითარება – აფხაზეთის სახელმწიფოს ყოველგვარ ზღვარს გადასული ტოლერანტობა მოქალაქეების ასოციალური ქცევისადმი, ასევე დაუსჯელობის ტოტალური განცდა იქცა მიზეზად იმისა, რომ სადღეისოდ აფხაზეთში პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური ვითარება ფსკერამდეა დაცემული. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში მოგზაურობას აპირებენ, პირადი უსაფრთხოებისთვის ძალზე მაღალი რისკები ელით“.


"რუსული ხმა“ პოტენციური ტურისტებისთვის სპეციალურ ფლაერებსაც ამზადებს, რომელთაც პროფილურ სახელმწიფო უწყებებსა და ტურისტული ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის გაავრცელებს.

„სერგეი ვიქტორის ძევ, მოგიწოდებთ, საჯაროდ სცნოთ აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშ ქვეყნად და არ დაელოდოთ სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების პოლიტიკურ ნებას, რომელზეც თქვენი უწყების თანამშრომლები აპელირებენ, რადგან რუსეთის მოქალაქეების ინფორმირება უცხო ქვეყნებში ყოფნასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების უშუალო მოვალეობაა“, – ნათქვამია ლავროვისადმი მიმართვაში.


ცნობისთვის: რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსული ხმა“ 2019 წელს შეიქმნა. მის მიზანს რუსეთის იმ მოქალაქეების დახმარება წარმოადგენს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შეეჩეხნენ. ორგანიზაცია, რომელიც უსასყიდლო საფუძველზე მუშაობს და მისი მონაწილეების მოქალაქეობრივ პოზიციას ეფუძნება, მათ იურიდიულ და საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელი მოსკოველი ბიზნესმენი მიხეილ პანოვია, რომელმაც 2010 წელს აფხაზურ ეკონომიკაში ინვესტირება გადაწყვიტა და გუდაუთის რაიონის დაბა ლიხნში პლასტიკატის მილების თანამედროვე ქარხანა ააშენა, თუმცა მოგვიანებით ეს ობიექტი აფხაზური ძალოვანი უწყებების ჩინოსნების მხრიდან რეიდერული თავდასხმის მსხვერპლად იქცა და მხოლოდ წელს, 2019 წლის აპრილში აღიძრა ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე რუსეთის სს კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით («განსაკუთრებით დიდი მასშტაბების თაღლითობა»).

მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი აქეთ პანოვზეა განაწყენებული მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო და წერს, რომ “რუსული ხმის” ჩამოყალიბების რეალური მიზანი მისი პირადი  ქონებრივი ინტერესების დაცვა იყო”.

განაწყენებულები არიან აფხაზი მომხმარებლები ლავროვის მიმართ ორგანიზაციის მოთხოვნაზეც. ისინი მიმართავენ პანოვს: «ამტკიცე შენი “სიმართლე” სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოში, ხოლო აფხაზეთის ტურისტული “ბლოკადისკენ” მოწოდებები – ეს აფხაზეთის მოსახლეობისადმი შურისძიებას უფრო ჰგავს».

თუმცა "რუსული ხმა" ერთადერთი არაა, ვინც ოკუპირებული აფხაზეთის "ტურისტული ბლოკადის" იდეას უჭერს მხარს. ბოლო პერიოდში მრავლადაა ამ იდეის შემცველი პუბლიკაციები რუსულ მედიაშიც. ერთ-ერთი მათგანის ავტორი - ანტონ ჩაბლინი, მაგალითად, წერს:   

«აფხაზეთში – რუს დამსვენებლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანაში ტურისტული სეზონი დაიწყო. როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, ტურისტული ნაკადის პიკი ივლის-აგვისტოზე მოდის. რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებებმაც უკვე დაიწყეს პოტენციური შემოსავლების განაწილება და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტები  დააანონსეს. მაგალითად, აფხაზური ხელისუფლება აპირებს, უცხოელებს გიდებად მუშაობა აუკრძალოს, თუ მათ სპეციალური რეგისტრაცია არ ექნებათ, ხოლო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აამოქმედებს სახელმწიფო პროგრამას მიმდინარე საკურორტო სეზონზე სოჭიდან აფხაზეთში სამგზავრო გადაზიდვების სუბსიდირებისთვის».

ჩაბლინმა ეს სტატია სოციალურ ქსელ "ფეისბუქშიც" გამოაქვეყნა და მას კომენტატორთა შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აფხაზი საზოგადო მოღვაწე დავით სარსანია თავის კომენტარში წერს: «რა შემოსავალზე შეიძლება, აცხადებდეს პრეტენზიას რუსეთის ხელისუფლება?! […] ის, თუ რატომ არ უნდა იმუშავონ აფხაზეთში გიდებად და ექსკურსია-მძღოლებად უცხოელებმა - მე,მგონი, გასაგები უნდა იყოს. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ უცხოელებს, მაგალითად, რუს ტურისტებს, ისაა, რომ ჩამოვიდნენ კერძო მანქანით დასასვენებლად. იმაში, თუ რას უამბობენ ისინი შემდეგ სახლში დაბრუნებულები ნაცნობებს აფხაზეთის შესახებ, ჩვენ ვერ ჩავერევით. მაგრამ როდესაც აქ საექსკურსიო ავტობუსები ჩამოდიან, გიდებად და ექსკურსია-მძღოლებად ცალსახად ადგილობრივებმა უნდა იმუშავონ”. 

ვინმე ალექს ალიპა თავის კომენტარში წერს: «იქნებ მარტივად მოვიქცეთ – აფხაზეთს [რუსეთის] ბიუჯეტიდან დაფინანსება შევუწყვიტოთ და პასპორტების ანულირება მოვახდინოთ?».

მას რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრე სკაკოვი ეხმიანება: «მსგავსი განცხადებები ეროვნებათაშორის შუღლს აღვივებს. […] დანაშაულებს ცალკეული პირები სჩადიან, თქვენ კი გსურთ,მთელი აფხაზი ხალხი დავსაჯოთ? ეს რა სტალინიზმია?!».

კიდევ ერთი კომენტატორი – ხაჩიმ კუჩმეზოვი საერთოდაც გამოდის წინადადებით, “[რუსებმა] აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნონ»

მას ისევ სკაკოვი პასუხობს: «[…] აფხაზეთი ნივთი არ არის, რომელიც შეიძლება, ვინმეს დაუბრუნო».

ამ ამბებს სტატიას უძღვნის “Эхо Каказа”-ს ადგილობრივი მიმომხილველი ვიტალი შარიაც.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრიმინოგენული ვითარების გაუარესებისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ცხოვრების დაბალი დონე და სიღარიბეა, ხოლო აფხაზეთის კანონმორჩილი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის უცხოელი ტურისტების მიღება სადღეისოდ შემოსავლის ძირითადი წყაროა და იგი ჩვენს რესპუბლიკაში ცხოვრების ზოგად დონეზეც აისახება. მაშ რის  მიღწევას ცდილობენ “ტურისტული ბლოკადის” იდეის ავტორები?” - წერს შარია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა