რატომ ინაცვლებს ჩრდილში პოპულარული მინისტრი: ექსპერტების შეფასებები

უკანასკნელ დღეებში აქტიურად განხილვადი ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა: ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა, ხოლო მინისტრის პორტფელს ეკა ტიკარაძე ჩაიბარებს, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თავად სერგეენკო მთავრობის კანცელარიაში პრემიერის მრჩევლების რანგში გადაინაცვლებს.


მედია გადაწყვეტილების მიზეზების თაობაზე სხვადასხვა ვერსიებს განიხილავდა, მათ შორის რამდენიმე პროექტის ჩავარდნას. იყო მოლოდინი, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკადრო ცვლილების აუცილებლობის თაობაზე მეტი დეტალი გაჟღერდებოდა, თუმცა ბრიფინგი ტრადიციულად წარიმართა, ისე, როგორც მსგავს შემთხვევებში აქამდე გვინახავს – პრემიერმა ჯანდაცვის რეფორმას წარმატებული უწოდა, გაიხსენა, თუ როგორი სისტემა ჩაიბარა სერგეენკომ, რა ძალისხმება გასწია და აღნიშნა, რომ წინ კიდევ მნიშვნელოვანი რეფორმებია. პრემიერს და შემდეგ უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატებს საჯარო მადლობაც არ დაუშურებიათ. სერგეენკო ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და კონსულტაციებს პრემიერთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა.    

„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ პრემიერთან გამართულ ბრიფინგზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 5–დან 15 ივნისამდე პრემიერ–მინისტრი საკმაოდ დატვირთული გრაფიკით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ–ში და რა სახით, როდის ჰქონდათ კონსულტაციები მინისტრსა და პრემიერს, ცოტა გაუგებარი გახდა.

და მაინც, რა გახდა აღნიშნული სამთავრობო ცვლილების საფუძველი, რას აძლევს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული კადრის მინისტრთა კაბინეტიდან  ჩამოშორება? „აქცენტი“ ანალიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ.


ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ დავით სერგეენკომ მიიღო.

„არ მგონია, რომ ის გაეთავისუფლებინათ. ვფიქრობ, ის დაიღალა. სერგეენკო ბუნებით პოლიტიკური მოღვაწე არ იყო, ეს სტატუსი აწუხებდა, ცდილობდა გათავისუფლებულიყო და ამას მიაღწია, რასაც ვულოცავ. ბუნებრივია, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი მისი სურვილით მოხდა. რაც შეეხება პრემიერის მრჩევლად გადანაცვლებას, ეს უბრალოდ ხაზგასმაა იმისა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და არაფერი სკანდალური არ ხდება. ქართულ სინამდვილეში მრჩეველი ძირითადად ფორმალური სტატუსია. მას შეუძლია, ახლა თავის საყვარელ პროფესიას დაუბრუნდეს და აკეთოს ის საქმე, რაც მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია“.  

მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკა გაუგებარი და გაურკვეველია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის:


„ჩაანაცვლეს მინისტრი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ავტორია ყველაზე წარმატებული პროექტისა [საყოველთაო ჯანდაცვა], რაც კი „ქართულ ოცნებას“ გაუკეთებია; სადღეისოდ ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურა – ადამიანი, რომლისადმიც საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა მინიმუმია. თუ „ქართულ ოცნებაში“ საზოგადოება ვინმეს ენდობა, ეს იყო სერგეენკო. გუშინ პრემიერმა თქვა, ახალი სისხლი არ გვაწყენდაო და ა.შ... ისეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობაში გყავს სასურველზე დაბალი რეიტინგის მქონე მინისტრები, ამ გადაწყვეტილებაში რა ლოგიკა უნდა იყოს? შეიძლება, იფიქრო, რომ რაღაც ისეთი ხდება სამინისტროში, რაც ჩვენ არ ვიცით და იძულებული გახდნენ, სანამ ნელი მოქმედების ნაღმი აფეთქდებოდა, თავიდან მოეშორებინათ. მაგრამ გუშინ ვუსმენდი სერგეენკოს, როდესაც მას შესაძლო გადადგომის შესახებ ჰკითხეს და არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ასე ცუდად ჰქონოდა საქმე. ამდენად, სრულიად გაუგებარია ეს ცვლილება. „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა უცნაურია. გავიხსენოთ წარსულიც: ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი კახი კახიშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც მედიიდან ფაქტობრივად მოიხსნა პენიტენციურ სისტემაში პრობლემების არსებობაზე საუბარი, სისტემას ჩამოაშორეს და სადღაც კანცელარიაში გადამალეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი თავად ცდილობენ არჩევნების წაგებას და ძალაუფლების დათმობას. ასეთივე ვითარება იყო, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს. რამდენიმე დღის წინ ადამიანი ამბობდა, "ახლა უნდა ავყვავდეთ, ყველაფერი კარგად არისო" და უცებ... აი გიორგი ქობულიას [ეკონომიკის ყოფილი მინისტრი] განცხადება სხვაა, მას ჰქონდა წასასვლელი, არ აქვს ფინანსური პრობლემები და როგორც ჩანს, არც სამსახურის შოვნა გაუჭირდება, ღარიბაშვილი და სერგეენკო კი პირდაპირ არიან ივანიშვილზე, მის გუნება–განწყობაზე დამოკიდებულნი“.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს გადაწყვეტილება თავად მიეღო:  

„სერგეენკოს მინისტრობა არ უნდოდა, მაგრამ აიძულეს. შესაძლოა, ახლა წასვლა არ უნდოდა, მაგრამ ისევ აიძულეს. სერგეენკო არ არის პოლიტიკოსი, რომ პროტესტი გამოაცხადოს და დაიწყოს ბრძოლა რაღაცისთვის. ჩემი შეხედულებით, ის პატიოსნად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, უთხრეს წადიო და წავიდა. რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი? ფაქტობრივად გამოვრიცხავ, რომ სერგეენკოს გადაწყვეტილება თავად მიეღო: ეს არანაირად არ იგრძნობოდა აქამდე გაკეთებულ განცხადებებში, მათ შორის მის მიერვე გაკეთებულშიც. მეორეც, როდესაც ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, დამაჯერებლად ასაბუთებს კიდეც“.

ანალიტიკოსის აზრით, გადაწყვეტილება მმართველ გუნდს გარკვეულწილად აზარალებს:

„ვფიქრობ, როგორც ჩვენ ვართ გაოცებულები, ასევეა მთელი საზოგადოებაც, რადგან ამ ყვეალფერს დამაჯერებლობა აკლია. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არც ისე მაღალია და არც აღმავალი ხასიათი აქვს. გადაწყვეტილება მით უმეტეს, გაუგებარია, როდესაც საარჩევნო წელი იწყება. ამას კიდევ გავიგებდი გუნდის გადახალისება, ან რამე ამდაგვარი რომ ყოფილიყო. მსგავსი არაფერი მომხდარა, ეცნენ ყველაზე რეიტინგულ მინისტრს და გადააყენეს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp