რუსეთს ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩართვა სურს: რას პასუხობს თბილისი

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ნებართვის გარეშე ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებების განხორციელება როგორც პოლიტიკურად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ფიზიკურადაც შეუძლებელია.  

ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ პროექტში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

„საქართველოს გარეშე ამ პროექტში შემოერთება გამორიცხულია. არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება – საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთი, პროექტის ცვლილება მხოლოდ სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს.

ამ პროექტში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ჩვენ ამას ყოველვის მხარს დავუჭერთ, არის ის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება, ამ შემთხვევაში ახალქალაქში, ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ ყველას, ვისაც ექნება ინტერესი, დერეფანში მეტი ტვირთი მოიზიდოს. პროექტი ამ გადაწყვეტილებითაა გაკეთებული და ასევე დასრულდება. ვისაც კითხვები აქვს, მე ძალიან მარტივი პასუხი მექნებოდა: პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გარკვეული ნაწილი დარჩენილია და ყველანი საკუთარი თვალით ვნახავთ. რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სურვილი, გადაწყვეტილება, თავიანთ ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებენ, მაგრამ მე ვიცი ერთი რაღაცა – ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტზე როცა ვსაუბრობთ, აქ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც დანარჩენი ორი მონაწილე ქვეყნის და საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტში არანაირი ცვლილებები არ მოხდება და ასეთი რამ არც იგეგმება“,– განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.    

ცნობები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში რუსეთის ჩართვის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 7 მაისს „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ „ლოგისტიკამ“ განაცხადა, რომ თურქულ ლოგისტიკურ კომპანიასთან, Pasifik Eurasia Logistics-თან გააფორმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადატანის მარშრუტების განვითარებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნის მემორანდუმი.

ამავე კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმი გაფორმდა „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, ოლეგ ბელოზიოროვის ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის თურქეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებს შეხვდა. რუსეთი ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნად ასახელებს თურქეთთან სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გარდა ამისა, რუსული სააგენტოებით გავრცელებული ცნობებით, რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზით ტვირთების გადაზიდვის განვითარების მემორანდუმს. ამავე წყაროების ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს განხილვას პროექტისა, რომლის მიხედვით, ახალქალაქის და ყარსის მონაკვეთებზე შეიძლება აშენდეს რკინიგზის მეორე მონაკვეთი და ლიანდაგის სიგანე იყოს 1520 მილიმეტრი. საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, თურქეთის რკინიგზაზე ლიანდაგის სიგანე 1435 მილიმეტრია.

 

თბილისიდან ახალქალაქამდე საბჭოთა სტანდარტის  – 1520 მმ-იანი ლიანდაგია დაგებული,ახალქალაქიდან ყარსამდე კი ევროპული სტანდარტის  – 1435 მმიანი.

ანკარაში ვიზიტამდე, 6 მაისს „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოლეგ ბელოზიოროვი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

ამავე თემაზე იხილეთ:

„რკინიგზის 12-წლიანი მშენებლობა და უარყოფილი სახელმწიფო ინტერესები“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp