ცხინვალის დელეგაცია ამჯერად ბრიუსელშია

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში იმყოფება, სადაც საერთაშორისო არაკომერციული ასოციაციის Renaissance-Sandidzan (ბელგია) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში – ევროპაში ოსური კულტურის დღეებში მონაწილეობს. 

როგორც დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს ევროპაში ოსური კულტურის დღეები ხსენებული ასოციაციის 10 წლის იუბილეს ეძღვნება და 19–დან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება. 

ღონისძიების ფარგლებში დღეს ბრიუსელში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა "თანამშრომლობის ხიდები" ევროპული და ოსური სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ბაჩა" ჩვენება და შეხვედრა მის ავტორებთან, ოსი მხატვრების მეცხრე საერთაშორისო გამოფენის Arv-Art გახსნა.

21 ივნისს ოსური კულტური დღეების ფარგლებში ღონისძიებები ლუქსენბურგში გაგრძელდება, სადაც ასევე დაგეგმილია ფილმის ჩვენება და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებები ბოფორის საგრაფოს ძველებურ სასახლეში კულტურათა გრანდიოზურლი ფესტივალით დასრულდება, რომლის ფარგლებშიც ოსი მხატვრები ეროვნული მუსიკის ფონზე მასტერ–კლასს ჩაატარებენ.

გარდა ამისა, ევროპაში ოსური კულტურის დღეების ფარგლებში იგეგმება ოსი და ევროპელი მხატვრების ერთობლივი ღონისძიებები ბელგიასა და საფრანგეთში, ფოლკლორული კოლექტივების კონცერტები. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp