საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგები ცნობილი გუშინ გახდა. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. არჩევნებში საქართველომ გაიმარჯვა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით იქნა არჩეული. კომიტეტის წევრად ასევე არჩეულ იქნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ინდონეზიის რესპუბლიკა. ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო განახლებული შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის - საფრანგეთის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია ჩაიბარა. OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს. ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 80 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს