“თუ რუსულ გავლენას სათანადოდ არ შეაფასებთ, საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება გაუჭირდება”

სპეცპროექტმა “Пограничная ZONA” ინტერვიუ ჩაწერა პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული “რბილი ძალის” გავლენის თემაზე თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ მომხსენებელთან, საქართველოში ვიზიტად მყოფ ბაიდენის ცენტრის დირექტორ მაიკლ კარპენტერთან. 


“აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

- ბატონო კარპენტერ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემის განხილვა დღეს? რაში მდგომარეობდა თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და უშუალოდ თქვენი მოხსენების ძირითადი საკითხები?

- ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს და მოსკოვის საზიანო გავლენა დღეს საკვანძო მომენტებია არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთი აორმაგებს ძალისხმევას რეგიონის ქვეყნებში დემოკრატიის შესასუსტებლად, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანები ამ რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და თუნდაც ჩემს ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში არასათანადოდ არიან ინფორმირებულები რუსეთის ქმედებების შესახებ. რა თქმა უნდა, დროდადრო ეს ინფორმაცია გვხვდება სხვადასხვა პუბლიკაციებში, თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი როგორც აქ – საქართველოში, ისე ჩვენთან – აშშ-ში ვერ აცნობიერებს, რამდენად მწყობრი და თანმიმდევრულია რუსეთი თავის მცდელობებში, სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს, უკრაინის და სხვა მეზობლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, ფარდა აეხადოს ამ ქმედებებს, იმას, თუ როგორ აკეთებს ამას რუსეთი და მისი სამეზობლო ფართოდ იყოს ინფორმირებული იმის  შესახებ, თუ როგორ დაიცვას მისგან თავი.

- წარმოდგენილი იყო თუ არა კონფერენციაზე რუსეთის ამ მცდელობის რაიმე ახალი მაგალითები?

- ბოლო ორი წელია, მაშფოთებს ის, რომ საკმაოდ ხშირად მესმის განცხადებები საქართველოში რუსეთის ეკონომიკური გავლენის ზრდის შესახებ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც უცხოური ინვესტიციების, სავაჭრო ბრუნვის, ტურისტული ნაკადის ზრდაზე ვსაუბრობთ – ეს ყველაფერი ხომ ნიშნავს მეტ ფულს საქართველოს ეკონომიკისთვის, თუმცა ამასობაში ჩნდება სტრატეგიული რისკები, რაც ნამდვილად მაშფოთებს. როდესაც რუსეთი საქართველოში მიწებს, მსხვილ სტრატეგიულ კომპანიებს ყიდულობს, აწარმოებს ბიზნესს ინფრასტრუქტურის თუ ფინანსურ სექტორებში, ამ ყველაფერს რისკების სათანადო შეფასება უნდა ახლდეს თან, რადგან ათიოდე წელიწადში საქართველო შეიძლება, აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც უკვე გვიანი იქნება; ქვეყნის ეკონომიკასა და ხელმძღვანელობაზე გავლენა იმდენად გაიზრდება, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება გაუჭირდება.

- შექმნილ ვითარებაში რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს ხელისუფლებას, საექსპერტო წრეებს, რომლებთანაც გიწევთ ურთიერთობა, ევროპული და ამერიკული გამოცდილების გათვალისწინებით?

- შევხედოთ ფინეთის მაგალითს: მასაც საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან და 1990-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ასევე 2000-იანების დასაწყისში  მათაც შეექმნათ პრობლემები იმის გამო, რომ სათანადოდ არ იკვლევდნენ, ვინ ყიდულობდა მიწებს, ვინ იდგა მათ უკან, ვინც მათ ბიზნესს ყიდულობდა. შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი გაყიდული მიწის ნაკვეთი სტრატეგიული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობდა, რომ ჰელსინკიში სახელგანთქმული კუნძულის  ჩრდილოვან მყიდველს კავშირები ჰქონდა რუსულ დაზვერვასთან…

ამდენად, საქართველო, ერთის მხრივ, სათანადოდ, სისტემურად უნდა აფასებდეს, რომელ პროექტებს აქვთ სტრატეგიული რისკები და ამ მიზნით უნდა ჩალიყალიბდეს რაღაც კომიტეტი, რაღაც პროცესი; მეორეს მხრივ კი, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოიძებნოს გზები გლობალური ეკონომიკური წარმოდგენილობის დივერსიფიცირებისთვის. რუსეთთან ვაჭრობა ნორმალური მოვლენაა და საჭიროა, რუსეთი ხომ საქართველოს მეზობელია და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საქართველომ არ უნდა დაივიწყოს საკუთარი პროდუქციის დასავლურ ბაზარზე გატანის საჭიროებაც და უფრო აგრესიული მონდომება გამოიჩინოს ამ მიმართულებით.

ღვინო ამ მხრივ კარგი მაგალითია: 2008 წლის ომის შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთისკენ გადააორიენტირეს, დღეს კი უდიდესი ნაწილი კვლავ რუსულ ბაზარზე გადის… არაფერია ცუდი იმაში, რომ ღვინო რუსულ ბაზარზე გაიყიდოს, მაგრამ თუკი საქართველო რუსეთში ხარისხიან პროდუქციას ყიდის, გაყიდოს იგი დასავლეთშიც!

იგივე ეხება ტურიზმს: არაფერია ცუდი იმაში, რომ აქ ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის – ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ დარწმუნდით, რომ ხელისუფლება ასევე ცდილობს, საქართველო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად აქციოს ფრანგი, გერმანელი, სხვა ევროპელი ტურისტებისთვისაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება თქვენი ქვეყანა მდგრადი.

- ახლა, მაგალითად, საქართველო თავის ბაზარზე რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Интер РАО-ს მოწვევის პროცესშია. აქ უკვე ბევრია სხვა რუსული კომპანიც. მაგალითად, თბილისის ელექტროენერგიით მომარაგებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ქართულ კომპანია “თელასს”, რომელიც ასევე რუსულ სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის… ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს არ არის საუკეთესო გზა შემოსავლის მისაღებად და ბიუჯეტის შესავსებად, ეკონომიკის ესოდენ მნიშვნელოვანი სფერო რუს ინვესტორებს ჩავაბაროთ?

- ეს თემა საკვანძოდ და სტრატეგიულად მიმაჩნია  ქვეყნის მოწყვლადობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ იმას, რომ ელექტროენერგიით მომარაგება რუსული კომპანიის ხელშია. Интер РАО მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა ინვესტირებას საქართველოში, იგივე ენგურჰესში. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა და ეს ნორმალურია, თუ ეს იქნება ლიმიტირებულად, შეზღუდულად. საქართველოს მაშინ ალტერნატივა არ გააჩნდა. მაგრამ დღეს მათი ინვესტიციების შემოშვება? - მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების ადგილზე, ამ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი, რადგან სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და თითქოს შეუმჩნევლად ხორციელდება ის გავლენა. რომელსაც რუსეთი აქ სულ უფრო მეტად ზრდის და გარკვეული დროის შემდეგ ეს რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის შესაძლებლობას მისცემს. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას თბილისს დიდი სიფრთხილე ჰმართებს.

- ზემოთ ისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტად უნდა იზრუნოს ქვეყნის ინტერესების ლობირებაზე დასავლეთში, ევროპაში, აშშ-ში. შეგიძლიათ, მითხრათ, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს დღეს საქართველო აშშ-ისთვის, ოფიციალური ვაშინგტონისთვის?

- იძულებული ვარ, მწუხარებით მოვახდინო იმის კონსტატაცია, რომ სადღეისოდ საქართველო აშშ-ის ხელისუფლების დღის წესრიგში არ ფიგურირებს, ამერიკულ რადარებზე არ არის. დიახ, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ახლახანს გამართა შეხვედრები სახელმწიფო მდივან პომპეოსთან, მაგრამ აქაური მოვლენებისადმი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეების ყურადღების, საქართველოს მხარდაჭერაში მათი ჩართულობისა  და საჭიროების შემთხვევაში “მძლავრი ჩახუტების”  თვალსაზრისით, აშშ-მა დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, განსაკუთრებით - ბოლო 2-3 წლის განმავლობაში.

- რითაა ეს გამოწვეული - საქართველოს აქტიურობით თუ პირიქით, პასიურობით, თუ თავად აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებით?

- ვფიქრობ, უპირველესად, თავად აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლილი საგარეო პოლიტიკით. საქართველოს არაჩვეულებრივი ელჩი ჰყავს აშშ-ში, რომელიც ყოველმხრივ ცდილობს ქვეყნის ინტერესების ლობირებას. თუმცა ამავდროულად, ვფიქრობ, საქართველო ბოლო წლებში არცთუ სწორი მიმართულებით მიდის და ამ მოცემულობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, უჩვენოს საქართველოს, რომელი მიმართულებები შეიძლება, იყოს კონტრპროდუქტიული და რომელი - უკეთესი ქვეყნისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მინდა, გითხრათ, რომ ხანდახან ეს მოიცავს საკმაოდ მძიმე საუბრებსაც.

- თვლიან თუ არა აშშ-ში, რომ საქართველო დღემდე ერთგულია დემოკრატიის განვითარების კურსის?

- მოდით, ასე ვთქვათ: საქართველო დღემდე ლიდერია რეგიონში ამ მიმართულებით, თუ შევადარებთ იგივე რუსეთს ან სხვა მეზობლებს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლებში თვალს ვადევნებთ პროცესებს, რომელიც შეშფოთების საგანს იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ქვეყანა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს მედიაპლურალიზმის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და, რაც მთავარია, ეკონომიკური რესურსების რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირებისა და ამ რესურსების პოლიტიკურ ძალასთან სიმბიოზის საკითხები. ჯერ-ჯერობით ამას ქართული დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ეს შეიცავს ავტორიტარულ მმართველობაზე გადასვლის პოტენციალს. ამ კუთხით სასარგებლოა, გადავხედოთ უნგრეთის მაგალითს: იქ კარგად ჩანს, რამდენად საშიშია ეს სტრატეგიულად დემოკრატისთვის…

- რამდენიმე დღის წინ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა განახორციელოს ანაკლიის პორტის პროექტი. შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მის ამ განცხადებას მიუღებელი უწოდა. როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როცა ორივე - რუსული და ამერიკული მხარეები ერთმანეთს  საქართველოს (ასევე უკრაინის) შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ, როგორ განვასხვავოთ, სად არის ჩარევა, სად – მხარდაჭერა?

- პომპეო  ცდილობს, დაიცვას საქართველოში ამერიკული სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზეა მიმართული. მისი განცხადება, რომელსაც ამ შემთხვევაში მეც სრულად ვიზიარებ, აქცენტირებულია თანხებზე – იმაზე, რომ ეს არის დასავლეთის სტრატეგიული ინვესტიცია საქართველოში და ხელისუფლებამ აქტიურად უნდა განახორციელოს ეს მდგრადი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში ბევრად მეტ დასავლურ ინვესტიციას მოიზიდავს და პირიქით, თუ ეს პროექტი ვერ განხორციელდება, ეს მძლავრი ნეგატიური სიგნალი იქნება დასავლელი ინვესტორებისთვის, საქართველო კი, როგორც ცნობილია, დამოკიდებულია მსგავს გრძელვადიან ინვესტიციებზე, განსაკუთრებით - პერსპექტივის თვალსაზრისით.

ხოლო კარასინი ამბობს, რომ მისთვის ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მიუღებელია. რატომაა მიუღებელია? ან რატომაა საერთოდ მისი გადასაწყვეტი, რა არის მისაღები, რა – მიუღებელი საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით?! ამერიკელები რატომ არ ვამბობთ, რომ Интер РАО-ს ინვესტიციები საქართველოში მიუღებელია?! რა თქმა უნდა, ამერიკა თავის თავს მსგავსი რამის თქმის უფლებას არ მისცემს. ამიტომაც კარასინისა და ზოგადად მსგავსი განცხადებები აღმაშფოთებლად მიმაჩნია.

რომ შევაჯამოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რატომ წამოსწია პომპეომ ეს თემა და ნამდვილად არ მესმის, რა შუაშია აქ კარასინი და რუსეთი.

- ცოტა ხნის წინ ყველამ ვიხილეთ, როგორ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი ბატონებმა პომპეომ და ბახტაძემ, რომლებმაც სხვადასხვა თემები განიხილეს. მაინტერესებს, რამდენად ინფორმირებულები არიან აშშ-ში იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში  ანაკლიის პროექტის ირგვლივ? ვგულისხმობ იმას, რომ ეს პროექტი, რომელშიც ესოდენ დიდი ფულია ჩადებული, ამჟამად ფაქტობრივად არ ვითარდება…

- ამერიკის საგარეო პოლიტიკური ელიტები ამას ნამდვილად უთმობენ ყურადღებას, რადგან ორმა ამერიკულმა კომპანიამ ამ პროექტში საკმაოდ დიდი თანხები ჩადო. გარდა ამისა, ეს პროექტი მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნახეთ, როგორ მოქმედებს ჩინეთი (ჩინეთში ვგულისხმობ პროექტს “ერთი სარტყელი – ერთი გზა”), გადახედეთ ვაჭრობის სტრუქტურას... ანაკლიის პორტი – ეს არის პოტენციურად საკვანძო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, იგი წარმოადგენდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, მაგალითად. და მართლაც, ეს რეალურად უმნიშვნელოვანესი პროექტია და  ძალიან საჭირო საქართველოსთვის…

- გეთანხმებით, ეს საქართველოს ინტერესებში შემავალი პროექტია, მაგრამ ის ამ მომენტისთვის,  როგორც ვხედავთ, არ ხორციელდება….

- დიახ, არსებობს რიგი საკითხები: შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა გარკვეული გამტარუნარიანობის, ვაჭრობის გარკვეული სახეობების გარანტირებას. ეს კითხვები ლეგიტიმურია. მე ვურჩევდი მთავრობას, თუ მართლაც აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას, გააგრძელოს მისი განხორციელება. ეს სწორედ ისაა, რასაც აკეთებს ჩინეთი: როდესაც მთავრობა აცნობიერებს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, იგი დგამს ნაბიჯს და იღებს ინვესტიციების გარანტირების პასუხისმგებლობას. იგივეს ვხედავთ იაპონიის და აშშ-ის, სხვა ქვეყნების შემთხვევაში.

- ბ-ნმა პომპეომ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს ალიანსში რაც შეიძლება, მალე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მიღებული. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა აშშ-ს, როგორც ალიანსის ლიდერ ქვეყანას, გადაჭრას ეს საკითხი და აქვს თუ არა მას ამის სურვილი?

- პირადად მე პომპეოს ამ განცხადებას მივესალმები. თუმცა აშშ ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს. აშშ-მა ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს, რათა დაარწმუნოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, რომ დადგა საქართველოს ალიანსში მიღების დრო და ქვეყანა კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით მზადაა ამისათვის. ვფიქრობ, მთლიანობაში, შესაძლებელია, აშშ-მა ეს გააკეთოს. უბედურება ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იმდენად დაგვაშორა ალიანსის ბევრი წევრი, რომ სადღეისოდ ჩვენი [აშშ-ის – რედ.] ნატო-ში ყოფნა ბევრად უარესად ფასდება, ვიდრე ოდესმე – თუ გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობით.  შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები, დავარწმუნოთ საფრანგეთი, გერმანია და ზოგიერთი სხვა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანა, ახლა უფრო შესუსტებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სიტუაცია არცთუ შორეულ მომავალში, როდესაც აშშ შეძლებს საქართველოს დახმარებას ამ საკითხში. ვინ იცის, იქნებ გამოგვივიდეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, არ ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია, უახლოესი ორიოდ წლის განმავლობაში საქართველო ნატო-ში გაწვრიანდეს. ახლა, ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ საქართველო სიაში შემდეგია: ბოსნია პოლიტიკურად არცთუ სახარბიელო სიტუაციაშია; უკრაინაში მოახლეობა…. როგორც პრეზიდენტმა თქვა, იქნება რეფერენდუმი და სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ამჟამად მზად იყოს ალიანსში უკრაინის მისაღებად (ვიმედოვნებ, მომავალში ეს მოხდება, მაგრამ არა ახლა). ასე, რომ სიაში პირველი საქართველოა.

- რამდენადაც ვიცი, ამჟამად მიმდინარეობს უკრაინისთვის აშშ-ის ბლოკგარეშე მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა. რატომ არ ხდება იგივე საქართველოსთან მიმართებაში?

- აქ ალბათ, უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს სტატუსი, რადგან ის ის არ არის, რაც ბევრს ჰგონია:  ამ სტატუსის ქონა არ ანიჭებს ქვეყანას აშშ-ის მიერ უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს; მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტატუსის მფლობელი ქვეყანა იღებს პრეფერენციებს უსაფრთხოების სფეროში ამერიკული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის კუთხით. პრინციპში, სულ ესაა და რეალურად, ეს სტატუსი უფრო შთამბეჭდავად ჟღერს, ვიდრე მისი არსი.

- მაგრამ შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ მესამე ქვეყნისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება, დაემუქროს აშშ-ის პარტნიორს, რომელსაც ეს სტატუსი გააჩნია?

- არა მგონია. ეს სტატუსი გააჩნია აშშ-ის ზოგიერთ უახლოეს მოკავშირესაც, მაგალითად ისრაელს და ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა პაკისტანი და არგენტინა… ანუ, არაა აუცილებელი, იგი აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებს ჰქონდეთ. და არა მგონია, ეს იყოს გადაწყვეტილება რუსული აგრესიისგან დაცულობის უზრუნველსაყოფად. უბრალოდ ეს სტატუსი ქვეყანას ანიჭებს პრეფერნციებს უსაფრთხოების კუთხით ამერიკულ მხარდაჭერაზე და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

- და მაინც, საქართველო რატომ არ არის დღის წესრიგში ამ კონტექსტში?

- ეს საკითხი შეიძლებოდა, საქართველოსთან მიმართებაშიც განხილულიყო. ვფიქრობ, წარსულში ეს სტატუსი ნატო-ს წევრობის ალტერნატივად აღიქმებოდა და ქვეყნები, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურდათ, ამ  სტატუსს არ ითხოვდნენ. ეს სამწუხაროა. ვფიქრობ, საქართველოს შეეძლო, მიეღო ეს სტატუსი და მოიგებდა ამით. თუმცა უნდა ღინიშნოს, რომ საქართველო ისედაც სარგებლობს პრეფერენციებით უსაფრთხოების კუთხით ამერიკული დახმარების მიღებაში. ზოგადადაც, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ძალზე მყარია – უფრო მყარი, ვიდრე ოდესმე.

- და მთლიანობაში საქართველო-ამერიკის ამჟამინდელ ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით? მესმის და გეთანხმებით, რომ სამხედრო სფეროში ძალზე მყარი თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ ამავდროულად, უკვე წელიწადზე მეტია, არ გვყავს საქართველოში ამერიკის ელჩი, მაშინ, როცა რეგიონის ყველა სხვა ქვეყანაში აშშ-ს ელჩი ჰყავს. პრემიერ-მინისტრი ბახტაძე ბ-ნ პომპეოს ხვდება, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ ორ ქვეყანას შორის აქტიურ დიალოგს… ამ ყველაფერის ფონზე საქართველოში მთლად კარგად არ გვესმის ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი სტატუსი…

- გეტყვით, როგორ მესახება პირადად მე ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა: საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირთა რადარებიდან გამქრალია. ეს ცუდი სიახლეა. ფაქტობრივად, ერთეულები თუ ანიჭებენ სადღეისოდ ვაშინგტონში მნიშვნელობას იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ამიტომაც არ გვყავს საქართველოში ამდენი ხანია, ელჩი – აქ ვინმეს ყოლა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ეს რომ პრიორიტეტი იყოს, ელჩი ხვალვე გვეყოლებოდა.

კარგი სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის ბიუროკრატიული მანქანა ძალზე პოზიტიურად ეკიდება საქართველოსთან თანამშრომლობას. მაგალითად, პენტაგონმა, როდესაც იქ ვიყავი,  დაიწყო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან, მერე ასეთივე თანამშრომლობა გაგრძელდა მდივან მეტისის პერიოდში და შემდეგაც. ამას პროფესიონალი ბიუროკრატები უდგანან სათავეში. მათ დონეზე ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ და ეს მხოლოდ სამხედრო სფეროზე არ ვრცელდება. ასე, რომ უფრო ქვედა დონეზე მჭიდრო  თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სამწუხაროდ, საქართველოს საკითხისადმი სათანადო ყურადღება არ ჩანს.

- დღეს თქვენ თბილისში იმყოფებით და მონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენას შეეხება. თქვენ მოგიწიათ საქართველოში ჩამოსვლა იმ პერიოდში, როდესაც გარკვეულწილად დაიძაბა ქვეყნის ურთიერთობა აზერბაიჯანთან, გაჩნდა გარკვეული საკითხები სომხეთთან ურთიერთობაშიც… როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ამ პროცესების მიზეზები და გაქვთ თუ არა რჩევა საქართველოსთვის, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა მსგავს გამოწვევებს?

- ვფიქრობ,  ზოგიერთი დინება, რომელსაც სადღეისოდ საქართველოში ვადევნებთ თვალს, მართლაც ძალზე სახიფათოა. სტრატეგიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანთან დავა კარგს არაფერს მოიტანს. დაძაბულობა ხელოვნურადაა გამოწვეული და ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია საქართველოსთვის.

იგივე ეხება ლგბტქი თემის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პროტესტებს თბილისში. მესმის, რომ საქართველოში არსებობს ტრადიციებზე ორიენტირებული ძალიან მასიური ფენა, რომელიც გულწრფელად არ აღიარებს ლგბტქი თემის წარმომადგენლების უფლებებს. ეს პრობლემაა.  თუმცა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ რუსეთს, განსაკუთრებით მის სპეცსამსახურებს უყვართ ეს თემა და ის მართლაც საუკეთესოა საიმისოდ, რომ უთხრან ქართულ საზოგადოებას, თითქოს დასავლეთი ეცემა, თითქოს იქ ყველა ინდივიდუალისტია, რომ საქართველომ რუსეთისკენ უნდა აიღოს ორიენტირი, რომ საქართველო ეკუთვნის ე.წ. რუსულ სამყაროს და ა.შ.…. ერთი სიტყვით, ეს “გემრიელი” თემაა რუსული სპეცსამსახურებისთვის ქართულ საზოგადოებაში შფოთის გამოსაწვევად.  არ ვამბობ, რომ რუსეთი დგას ლევან ვასაძისა და სხვა იმ ჯგუფების უკან, რომლებიც ამ თემის გაღვივებას ცდილობენ, თუმცა რუსეთი ამით ცალსახად ხეირობს. საქართველოსთვის კი ეს  ცალსახად ცუდია, ცუდია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივისთვის.

იგივე შემიძლია, ვთქვა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებზე. არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც ამით სარგებელს იღებს და ეს რუსეთია.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პროტესტის ფონზე „ქართული ოცნება“ დიალოგზე დღეს პირველად ალაპარაკდა