ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპრტამენტი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნო. მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, ასევე, დაწყებულია აღნიშნული გზის მეორე, მოლითი- ჩუმათელეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების  მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 51 467 681 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება