ექიმი: "რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა"

„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. როგორც კორძახიამ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს.

მისივე თქმით, 24-დან ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა.

„ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"