კალაძე – აშშ-ის ბაზებზე: "როგორც მინუსები, ისე პლიუსები აქვს" 

პარტია" ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას როგორც პლიუსები, ისე მინუსები ახლავს თან. ამის შესახებ კალაძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა. 

"როგორც მინუსები აქვს ამ კონკრეტულ თემას, ბაზებთან დაკავშირებით, ასევე აქვს პლიუსები. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი საკითხი და დღის წესრიგში არ დგას," - აღნიშნა თბილისის მერმა.


როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბაზების განთავსება შეიძლება, პროვოკაციად აღიქმებოდეს. ამ განცხადების კომენტირებისას კალაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გამონათქვამი პარტია "ქართულ ოცნებასთან" არ უნდა გაიგივდეს. "ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არა აქვს ქართულ ოცნებასთან. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს",– განაცხადა მაშინ კალაძემ.  

"ჩემი პასუხი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტია ქართული ოცნების წევრი. ის კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ და ეს გაჟღერებული იყო. ჩართული ვიყავით ყველა აბსოლუტურად არჩევნებში და ჩვენი სურვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობამ, ნუ მეორე ტური დაჭირდა, მაგრამ არჩეულ იქნა. თვითონ ბაზებს რაც შეეხება, მე მაშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხდება ზოგადად, წინასწარი კომუნიკაციის, მთავრობის მოლაპარაკებების შედეგად. ამერიკა, ვიცით ახლა, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დამხმარე, მეგობარი ქვეყანა არის და რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მას შემდეგ ჩვენ გვეხმარება, მხარს გვიჭერს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ჩვენთან ერთად, შესაბამისად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება, გადაწყვეტილებების მიღება." - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აქცენტთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ–ის საელჩომ:

„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.  ყოველთვის ვამაყობთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობით და მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა თავისი ფორმითა და შინაარსით ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.  ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი და ძლიერი სამხედრო პარტნიორობა მოიცავს თანამშრომლობას სამხედრო სწავლებების, გემებისა ვიზიტებისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართულებით საქართველოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად.  ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან  ავღანეთში.  ჩვენი პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობას, მისი შესაძლებლობების გაძლიერებას,  წვლილი შეიტანოს  საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებაში, აგრეთვე აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას დაიცვას მისი სუვერენული ტერიტორია“, – განუცხადა „აქცენტს“ აშშ-ის საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი