რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოიყენებოდეს მოწითალო რაკეტისებრი ტყვია, რომელიც მომიტინგეებს რუსთაველზე ესროლეს

20 ივნისს, რუსთაველის გაზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი იმ ტყვიის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რომელიც მომიტინგეებს სპეცრაზმელებმა დაუშინეს.


“აქცენტი” დაინტერესდა, რას წარმოადგენს ეს ტყვია. 

ინტერნეტში მისი ორი ანალოგი იძებნება აღწერაში მითითებულია, რომ მას შეუძლია, გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან ლეტალური შედეგიც კი - ეს დამოკიდებულია სროლის დისტანციაზე, სამიზნეს სხეულის წონასა და იმაზე, თუ სად მოხვდება სამიზნეს ტყვია. 


"რეზინის ტყვია [რაკეტისებრი] შეიქმნა იმ ნაკლოვანებების დასაძლევად, რომელიც რეზინის ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას აქვს. რეზინის ტყვიების უმრავლესობა შექმნილია იმისათვის, რომ მიწიდან ასხლეტით მოხვდეს მიზანს. ტყვიის ამგვარ ფორმებზე შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თოვლმა, ტალახიანმა ზედაპირმა, ან ბალახის რბილმა საფარმა. რეზინის რაკეტა კი შექმნილია პირდაპირ სასროლად“,– ვკითხულობთ აღწერაში. 

როგორც "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, 2012 წლამდე შსს–ს სპეციალურ აღჭურვილობაში მსგავსი ტყვიები არ იყო, ის მათ პირველად ხედავს და, შესაბამისად, არაფერი იცის მათზე. 

ერთ–ერთმა ძალოვანმა კი "აქცენტს" განუმარტა, რომ ესაა რეზინის სპეციალური 12–კალიბრიანი გლუვლულიანი ტყვია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა მიზანი თავდასხმის შეჩერებაა. 

ამასთან, მისივე თქმით, "სამიზნე შეიძლება, იყოს მხოლოდ ტანის არე. აკრძალულის მისი სროლა თავის, სახის, კისრისა და სასქესო ორგანოების არეში, თანაც რეკომენდირებულია მისი შორ მანძილზე გამოყენება, ვინაიდან რაც უფრო მოკლეა დისტანცია, მით ძლიერია ამ ისედაც ძალიან ძლიერი ტყვიის დარტყმის ძალა". 

ცნობისთვის: 20–21 ივნისის აქციაზე დაშავებულების უმეტესობას დაზიანებები თავის, სახისა და ქვედა კიდურების არეებში აღენიშნებათ. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა რთულია, რამდენიმე მომიტინგემ კი მიღებული დაზიანების შედეგად თვალი დაკარგა. 


ასევე გავრცელდა უამრავი კადრი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ესვრიან სამართალდამცველები დამიზნებით მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის - მათ, ვინც კონკრეტულ სიტუაციაში არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა. 



სწორედ ეს ტყვია მოხვდა პარლამენტის წინ, კიბეებთან მომიტინგე ვახტანგ ბერიკაშვილს, რომელიც არც ვინმეს ესხმოდა თავს და არც პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. რეზინის ტყვია მის სხეულში 4 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო შესული.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს