„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დადებითად აისახა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დადებითად აისახა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე.

ამის შესახებ მოგერინიმ ბრიუსელში დაგეგმილი მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

„დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვმასპინძლობთ ექვსი პარტნიორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. უკვე საღამოს კი დონალდ ტუსკი მათ სადილზე უმასპინძლებს. ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებას მეც დავესწრები.  ეს ინიციატივა მნიშვნელოვანად აისახა რიგით მოქალაქეებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში.  ჩვენთვის ღირებულია ეს პარტნიორობა. რეგიონში არსებული პრობლემებისა და სიძნელეების მიუხედავად, ჩვენს მუშაობას აქვს კონკრეტული შედეგები ვაჭრობის, ეკონომიკური განვითარების სფეროში და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა მოგერინიმ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო ვახშამზე დელეგაციების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

ცნობისთვის: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შექმნა 10 წლის წინ შვედეთის და პოლონეთის ინიციატივა იყო, რომელმაც საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი გააერთიანა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია