ქართველების ტესტი ერობაზე

“როგორც ჩანს, ასეა მოწყობილი, რომ გარკვეულ მომენტში თავად ცხოვრება სვამს კითხვას და ნებისმიერ ერს ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარ თავს ტესტი ჩაუტაროს იმის დასადგენად, დამოუკიდებელი ღირსეული ერია იგი, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის დანამატი.

რა თქმა უნდა, საქართველო – ეს უკრაინა არ არის და მისთვის თითქოს უფრო ადვილია. მას რთული  ქართული ენა აქვს, რომელიც სრულიად არ ჰგავს რუსულს, გააჩნია საკუთარი სიღრმისეული კულტურა, რომელსაც რუსულთან არაფერი აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა დროის ფილმებს, რომლებიც, მათ შორის, რუსული აუდიტორიისთვისაც კეთდებოდა. კიდევ უფრო უადვილებს საქართველოს საქმეს “კეთილი”  რუსეთი, რომელიც 2008 წელს ქართველებს ხოცავდა და საქართველოს ტერიტორიის  20% წაართვა, რაც ჩრდილოელ მეზობელთან “მეგობრობისგან” აცრად იქცა... ეს ყველაფერი ერთგვარი ეროვნული პლუსებია.

თუმცა არსებობს მინუსებიც. ქვეყანას დაპატრონებულია ერთი პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ქ-ნ პრეზიდენტსაც ხშირ-ხშირად ეპარება ხოლმე ფრაზები “ურთიერთობების ნორმალიზების” შესახებ. არსებობს მოთხოვნა ტურისტებზე, რომლებიც ჩადიან, სვამენ ქართულ ღვინოს, ჭამენ ხინკალს და დიდად არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ჩვეულებრივი დამნაშავეა. თავად ქართველებიც თავის უმრავლესობაში თვლიან, რომ ტურისტები პუტინთან და აგრესიასთან კავშირში არ არიან, ამიტომაც მათ საქართველოში ტრადიციული ფრაზით «Здравствуй, дорогой! Заходи, гостем будешь!» ხვდებიან…

თითქოს დადგა დრო, წარსულზე ხელი ჩაგვექნია და დაგვევიწყებინა. მაგრამ ჰოი საოცრებავ და აღმოჩნდა, რომ ქართველების ღირსება ბოლომდე არ ყოფილა შელახული.

ვიღაც იდიოტებმა მიიწვიეს საქართველოში ღონისძიებაზე რუსი დეპუტატი გავრილოვი, რომელსაც, სხვათა შორის, რუსეთში “მართლმადიდებელ კომუნისტს” უწოდებენ. ისიც ჩაეთრა და "დუმელი" უტიფრების საუკეთესო ტრადიციებში, რუსული დროშის ფონზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაეთხლიშა. და ამ სამარცხვინო სანახაობის ორგანიზატორი, როგორც წყაროები გვამცნობენ, საქართველოს მთავრობა იყო პარლამენტის ხელმძღვანელობის ხელჩაქნევით (ან პირიქით – პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს). 

რა მოჰყვა ამას – ყველამ ვიხილეთ. არეულობა პარლამენტთან. სპეცრაზმი. რეზინის ტყვიები. ცრემლსადენი გაზი. შტურმის მცდელობა. მეორე დღეს – პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. მთავრობას რა ელის – ჯერ უცნობია.

რაც შეეხება უტიფარ რუს “მართლმადიდებელ კომუნისტ” დეპუტატს, ის ჯერ სასტუმროში იქნა ევაკუირებული, შემდეგ კი თვითმფრინავში შეტენეს და მშობლიურ მოსკოვში გამოაფრინეს “ცუდი ქართველების” შესახებ ზღაპრების მოსაყოლად. და დღეს რუსული პროპაგანდა, რომელმაც ამ ყველაფრის ფონზე უკრაინაც კი დაივიწყა, საუკეთესო ტრადიციებში ისტერიულად გასჩხავის “რუსოფობი და ფაშისტი ქართველების” შესახებ.

რისი თქმა შეიძლება? აღმოჩნდა, რომ ქართველები მზად არიან, “რუსო ტურისტოს” თეფშზე ხინკალი დაუდონ, მაგრამ ღირსება - არა. არც იმისთვის არიან მზად, რომ საკუთარი ქვეყანა რუსეთის კოლონიად აღიქვან, როცა ნებისმიერი მართლმადიდებლურ-კომუნისტური ღორი ჩადის და უცხო ქვეყნის პარლამენტის სპიკერის სკამისკენ გარბის.

ანუ, ქართველებს რუსეთთან მშვიდობა სურთ,  თუმცა ახსოვთ. რას წარმოადგენს “მშვიდობა” რუსული გაგებით. და მთელი ეს ისტორია - ის არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის შესახებაა, რომელსაც პუტინი თავის ახალ პირად საბჭოეთად აცხადებს. ეს მაგალითია იგივე მოლდოვისთვის, რომელიც არც ისე შორსაა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაქცევისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე, რომელიც პოროშენკოს შემდეგ ინტენსიურად იქცევა “მალოროსიად”.

ნებისმიერ ქვეყანაში  დგება მომენტი, როდესაც უნდა გამოხვიდე და დაიცვა მისი დამოუკიდებლობა. არ ვიცი, მოლდოვასა და უკრაინაში - როგორ, მაგრამ საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, არიან მოქალაქეები საამისოდ.

ანუ, ხინკალი – ცალკე, საქართველოს დამოუკიდებლობა - ცალკე.

მატვეი განაპოლსკი


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp