საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს $40 მილიონს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს $40 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანად პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის დამტკიცებული ფინანსების ოდენობა $210 მილიონი დოლარი იქნება. 

გარდა ამისა, IMF-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6% იქნება, ხოლო ინფლაცია, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით. 

"ჩვენ 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, ხოლო ინფლაცია კი, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.  სტრუქტურული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის შედეგად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეკონომიკური ზრდა 5.2%-მდე გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 7%-მდე შემცირდება. თუმცა, გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს", – განაცხადა ვერა-მარტინიმ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, IMF–ის 4,6% –იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში გამორჩეულად მაღალია.

„ამ წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 4,6%, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და ადასტურებს რეფორმების ეფექტურობას და რეფორმების მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp