მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„სოვლაბის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც 9-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ამავე თემაზე: "არ მინდა, ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს, პატიმრობაში დავრჩები"- ხვადაგიანი მურუსიძეს

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს