რა "სიკეთეს" მოუტანს საქართველოს ივანიშვილის "ნულოვანი ბარიერი"

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, თუმცა ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუნდთან თათბირის შემდეგ განაცხადა.


როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ იურისტი ლევან ნატროვილი განმარტავს, პროპორციული სისტემის პირობებში დეპუტატის მანდატები ნაწილდება არჩევნებზე ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის პროპორციულად. ხოლო სადღეისოდ მოქმედი სისტემის მიხედვით, პროპორციულად მხოლოდ მანდატების ნაწილი ნაწილდება, ვინაიდან ასევე არსებობს მაჟორიტარული ოლქები. მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში ის კანდიდატი შედის, რომელიც 50%–ს + 1 ხმას მიიღებს. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ 0%–იან ბარიერს, როგორც ირკვევა, მსგავს შემთხვევებში ბუნებრივი ბარიერი მოქმედებს, რაც 150–მანდატიანი პარლამენტის შემთხვევაში 0,67%–იან ბარიერს გულისხმობს. 

პროპორციული სისტემის შემოღება ოთხი დღის წინ რუსთაველის განზირზე დაწყებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მოთხოვნაა. ამასთან, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღება იქ  არავის მოუთხოვია და ეს თავად მმართველი გუნდის ინიციატივაა. ან ხრიკი, რომელიც საქართველოში მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს და პარლამენტის "საბოლოოდ გარუსებას" შეუწყობს ხელს.

„აქცენტი“ გთავაზობთ ექსპერტთა და იურისტთა მოსაზრებებს, რას ნიშნავს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერი.

ლევნა ნატროშვილი რისკებს ხედავს: 

„შესაძლოა, ამომრჩევლის ხმა დაიქსაქსოს, ბევრი პარტია შევიდეს პარლამენტში მცირე რაოდენობის წევრებით და საბოლოო ჯამში პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბება რთულდება ხოლმე. როგორც წესი, ამ რისკს  გარკვეული ბარიერის დაწესებით აზღვევენ, თუმცა ეს თეორიული წიაღსვლებია. შესაძლოა, ეს პრობლემები დადგეს, ან არა. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომელი პარტიები შევლენ პარლამენტში და შეძლებენ თუ არა კოალიციური უმრავლესობის შექმნას. უნდა ითქვას, რომ ეს ცუდი სისტემა არ არის და იმას გაცილებით სჯობს, რაც დღეს მოქმედებს“.


იურისტი ანა ნაცვლიშვილი:

„კარგია ის, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, გამოსულიყო კონტაქტზე და შეექმნა სურათი, თითქოს გარკვეულ დათმობებზე მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არის ყველას მონაპოვარი, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობდა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებულმა ნულოვანმა ბარიერმა თვალები არ აგვიხვიოს: არსებობს საფრთხე, მივიღოთ არა სოლიდური და წარმომადგენლობითი, არამედ ძალიან დაყოფილი პარლამენტი, რომელიც შესაძლოა, უბრალოდ ქმედითუუნარო იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს სისტემა მაინც და მაინც გავრცელებული არაა, მოქმედებს ჰოლანდიაში, თუმცა ჰოლანდიაში სრულად სხვა პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფო ინსტიტუტებია და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაც იქ კარგად მუშაობს, აუცილებლად ჩვენთანაც კარგად იმუშავებს. მნიშვნელოვანი იქნება, ჩავეკითხოთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, საიდან მოვიდა ეს ნულოვანი ბარიერი და რატომ, როდესაც ეს მოთხოვნა არასდროს იყო? ამდენად, მმართველი გუნდის განცხადებით ეს თემა არ დახურულა, მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს, რაზეც პასუხს ველოდებით".     


„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” დამფუძნებელი გიორგი მოლოდინი:

„ნულოვანი ბარიერი - ეს არის განსაკუთრებული შანსი ფსევდო-ეროვნულებისა (პრორუსებისა) და პოპულისტებისთვის!

ეს არის შანსი პარლამენტში უკვე მოხვედრილი პრორუსული პარტიის გაძლიერებისთვის. ჯერ კიდევ 2016 წელს რომ ჩატარებულიყო პროპორციულად არჩევნები, ვითომ "პატრიოტთა ალიანსს" ეძლეოდა შესაძლებლობა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 17 (ჩვიდმეტი) "ადა მარშანია" შეეყვანა;

რუს-ქართველა ბისნესმენ ლევან ვასაძეს ეძლევა შესაძლებლობა, დაიკავოს ადგილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისი ღონისძიებები მან მიმდინარე წელს უკვე გაატარა და დღეს ეს ნულოვანი ბარიერი ჯოკერივით მოხვდა თავში. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს ვითომ "პატრიოტთა ალიანსისა" და ვასაძის ფრთის ძალების გაერთიანების შესაძლებლობაც.

ეს უკანასკნელი გაზრდის რისკებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მსგავსად, ბუნდოვანი წარსულის ემზარ-ერმილეებს, სხვა კომიტეტებშიც მიეცეთ სახელწმიფო საიდუმლოებაზე წვდომა;

ეს რისკები კიდევ უფრო რეალისტურია მმართველი და ოპოზიციური პარტიების არაპოპულარობისა და ზოგადად, საზოგადოების არჩევნებისადმი, როგორც პოლიტიკური პროცესისადმი უიმედობის თუ უნდობლობის ფონზე“


ექსპერტი ირაკლი მელაშვილი: 

„არჩევნებზე მოსული 0.67 % ამომრჩევლის ხმა დასჭირდება უბარიერო სისტემაში 1 მანდატის მოპოვებას, სადღაც 11-13 ხმა მაქსიმუმ! ახლა მოვემზადოთ დიდი ცირკისთვის! აღარ მახსოვს, რამდენი ათეული სუბიექტი მონაწილეობდა 1992 წლის არჩევნებში, მაგრამ .... აბა ახლა დაიყრება ერთკაციანი პარტიები! გარწმუნებთ, საარჩევნო ბიულეტენი ერთი დიდი გრაგნილი იქნება, პოლიტიკური პროცესის სრული მარგინალიზაცია, ხოლო დემოკრატიის ნაცვლად ამ ცნების სრული პროფანაცია შეიძლება, მივიღოთ! ძველი გამოცდილებით, ძალიან მრავალპარტიული, პოლიტიკურად ძალიან ჭრელი პარლამენტი კი დემოკრატიულობის გარანტი კი არა, უპრინციპო პოლიტიკური ვაჭრობის ცენტრი გახდება (მე თქვენ გეტყვით, პარტიები არ იზამენ!). ამ ცვლილებების შედეგად დიდია ალბათობა რამდენიმე სცენარის, ან მათი კომბინაციის: 

1. მივიღოთ ძალიან არასტაბილური ხელისუფლება, პერმანენტული პოლიტიკური კრიზისები, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია; 

2. დავემშვიდობოთ არაპოპულარულ, მაგრამ აუცილებელ რეფორმებს! გვეყოლება არა რეფორმებზე არამედ პოპულიზმზე ორინტირებული მთავრობები;

3. მივიღებთ უფრო მეტად კლანურ სისტემას პოლიტიკაში, იმიტომ, რომ რეალობაში, ჩვენთან პარტიები არა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები, არამედ ლიდერების გარშემო მოკრებილი კლანებია;

4. შესაძლებელია, მყვირალა, ჭრელი და გადაწყვეტილებების ვერმიმღები პარლამენტის ფონზე ძალიან გაძლიერდეს ერთადერთი სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში შესულ მრავალრიცხოვან, მაგრამ სუსტ პარტიებთან წარმატებული ვაჭრობის შედეგად რეალურად გაზრდის თავის გავლენას;

5. სანახაობა ნამდვილად გვექნება, პური და განვითარება - რა გითხრათ.;

6. ეს სიტემა არა მრავალპარტიულობის განვითარებას (რაც შეუძლებელია რეალური, ძლიერი, პროგრამების და ხედვების მქონე პარტიების შექმნის გარეშე), არამედ უფრო მეტი სუსტი პარტიის გაჩენისა და ფსევდომრავალპარტიულობის პროცესს შეუწყობს ხელს; 

P.S. მაპატიეთ ასეთი ემოციური კომენტარი, მაგრამ ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ ვითარებაში და არ ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა!“.


ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი:

"ნულოვანი ბარიერი პრორუსული ძალების პარლამენტში შეთრევის მცდელობაა. ერთადერთი "ნულოვანბარიერიანი" არჩევნები ჩატარდა 1992 წელს, პარლამენტში შევიდა 24 პარტია და იყო სრული ქაოსი. არ გვინდა ქაოსი!  ნახეთ საარჩევნო ბარიერები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში:

 

დავიჯერო შვედეთზე და ავსტრიაზე უფრო განვითარებული დემოკრატია გვაქვს?

".


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე:

„ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, ეს იქნება საშუალება, რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა“.


პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე:

„პროპორციული საარჩევნო სისტემა მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და უნდა ვუმადლოდეთ სწორეთ მათ, ვინც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იდგნენ და ძალიან კარგი, რომ მმართველი გუნდი ამაზე წავიდა. ეს არის შანსი, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში არა ისე, რომ ემათხოვრონ არსებულ პოლიტიკურ პარტიებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა,  დარჩენილ დროში გააკეთონ პოლიტიკური პარტიები, შევიდნენ პარლამენტში და 2020–ში თუ არა, 2024–ში მაინც ჩაანაცვლონ ეს სიმახინჯე, რომელიც ძველი პოლიტიკური სისტემის სახით არის დალექილი ქართულ პოლიტიკაში“.  

რაც შეეხება 0%–იან საარჩევნო ბარიერს, პოლიტოლოგი ორ ვარიანტს განიხილავს: საერთო ეროვნული პროპორციული სია და რეგიონული პროპორციული სიები.

„საერთო ეროვნული პროპორციული სია რეალურად არის შანსი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ორი მონსტრი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ბატონობა დასრულდეს და ყველა პარტიას მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, მოხვდეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი ინტელექტის და ადამიანური რესურსის შესაბამისად. ეს არის სისტემა, რომლის დროსაც ამომრჩევლის ძალიან ცოტა ხმა იკარგება, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ მივიღებთ ძალიან ჭრელ პარლამენტს და ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას ექნება საცდური, წვრილ–წვრილი პარტიები იყიდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“. იდეალური სისტემა ადამიანის მოღვაწეობის არც ერთ სფეროში არ არსებობს. ამდენად, თუ საკითხს შევხედავთ შემდეგნაირად –  რომელი სისტემა უწყობს ხელს მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, 0%–იანი ბარიერი ერთ–ერთი საუკეთესოა, თუმცა მასაც აქვს თავისი ნაკლი საქართველოსნაირ ქვეყნებში და ამაზე უკვე ვისაუბრე: გავა ბევრი პარტია, რომლის ძირითადი მიზანი ბიზნესის კეთებაა და, რა თქმა უნდა, ისინი მოწოდებულნი იქნებიან, მიეყიდონ რომელიმე წამყვან პოლიტიკურ ძალას. ნებისმიერ შემთხვევაში მომავალი პარლამენტი იქნება მრავალსუბიექტიანი და რაც არ უნდა მოიწადინოს რომელიმე აქტორმა, იყიდოს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შედგება, ხოლო თუ მაინც შედგა, რასაც გამოვრიცხავ, ძალიან მყიფე იქება.

რაც შეეხება რეგიონულ პროპორციულ სიებს, ამ სისტემით არჩევნები საქართველოში 1992 წელს ჩატარდა. საკმაოდ რთული ფორმულაა. ამ შემთხვევაში ბარიერი ოფიციალურად 0%–ია, მაგრამ რეალურად სხვადასხვა რეგიონის მიხედვით შეიძლება 7–10–12%–მდე ავიდეს. ეს სისტემა ისევ დიდი პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს“.

როგორც პოლიტოლოგი ფიქრობს, შესაძლოა, ორივე სისტემამ მმართველი გუნდის სასარგებლოდ იმუშაოს:

„ორივე ვერსიამ შესაძლოა,  „ქართულ ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, თუ მორიგ ენითაუწერელ სისულელეებს არ ჩაიდენენ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ისეთი ტემპით უშვებენ მიუტევებელ შეცდომებს, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. კვირას არ აგდებენ, საკუთარ თავს ხარაკირი არ გაუკეთონ. თუ ასე გააგრძელეს, ეს სისტემაც ვერ უშველით“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp