ვიდადი აბასოვი: „რუსეთო, გილოცავ!“

საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი ვიდეობლოგით ეხმიანება და თვლის, რომ „საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის რუსეთი სამუდამოდ დასამარდა“.

„აქცენტი“ მისი მოსაზრებების ქართულ თარგმანს გთავაზობთ: 

„საქართველო ჩემი სამშობლოა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, გიამბოთ, რა ხდება იქ რეალურად. 

როგორც იცით, ორიოდ დღის წინ თბილისში არეულობა დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა რუსი დეპუტატის, კომუნისტ გავრილოვის ვიზიტი რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ასეთი ორგანიზაციის – „მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. აქვე გეტყვით, რომ ჩემამდე არ დადის, რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს კომუნისტ გავრილოვს მართლმადიდებლობასთან? ჩემი აზრით, თავად ეს ნათელი დასტურია იმ გაუგებრობისა, რომელსაც სადღეისოდ რუსული პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს. მეტიც, გაირკვა, რომ კომუნისტი გავრილოვი წელს ამ ასამბლეის პრეზიდენტიც კია... ეს, ცხადია, აბსურდია, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ ხომ დიდი ხანია, ვიცით, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა აქტიურად იყენებს მართლმადიდებლობის, ერთმორწმუნეობის თემებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამ ფონზე თითქმის ყველა მეზობელ მართლმადიდებელ, სახელმწიფოსთან მტრული ურთიერთობა აქვს: საქართველო გადაიმტერა, უკრაინა გადაიმტერა, მოლდოვა გადაიმტერა, ბელორუსია გადამტერების პირასაა... და როგორ აპირებს რუსეთის ხელისუფლება ამ პირობებში მართლმადიდებლობის გამოყენებით ამ სახელმწიფოებთან უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობის მოგვარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია! 

და აი, ამ ბატონი გავრილოვის გამოჩენამ საქართველოს პარლამენტში გამოწვია აგრესიული რეაქცია და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა საქართველოდან ძლივს გაასწრო... ვსვამ კითხვას,  როგორ დაეცა რუსეთი ამ მდგომარეობამდე, რომ მისი დეპუტატი იძულებულია, კისრისმტვრევით გარბოდეს ჯერ კიდევ გუშინ მეგობრული მეზობელი სახელმწიფოდან?!. 

ასეა თუ ისე, გავრილოვის სამარცხვინო გაქცევის შემდეგ თბილისში მასობრივი აქციები დაიწყო. აქცია ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როდესაც  "ფეისბიქში" ვიწინასწარმეტყველე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ამხელა პატივი დასდო გავრილოვს და მის კოლეგებს, თანამდებობას დატოვებდა. ასეც მოხდა.  აქციები თბილისში დღესაც გრძელდება. მათ უკვე სტუდენტები მართავენ და უკვე ახალი მოთხოვნებით, რომელთა შორისაა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, ვფიქრობ, ისიც გადადგება, სხვა გამოსავალი არ არის... 

მაგრამ არც ესაა  მთავარი. ამ მოვლენების ფონზე რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან წამოვიდა  მთელი ტალღა განცხადებებისა, რომელიც ძალიან მამწუხრებს. რუსეთის უშიშროების საბჭომ მაშინვე მოაწყო სხდომა. რა განიხილეს მასზე, მე არ ვიცი, რადგან საქართველო რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს არასოდეს უქმნიდა და არც საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ემუქრებოდათ ოდესმე რამე. თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „არეულობები თბილისში - ეს კოშმარული პროვოკაციაა, ბრბომ შეიძლება, ოტელებზე თავდასხმა დაიწყოს და რუსეთის მოქალაქეები საფრთხეში არიან“... ანუ, რუსეთის ოფიციალური პირი მიანიშნებს რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში არ ჩავიდნენ. რადგან ეს "საშიშია" და იქ რაღაც "პროვოკაცია" ხდება... 

მინდა, გითხრათ, რომ პროვოკაცია აქ ერთადერთია – თავად ქალბატონი ზახაროვას განცხადება, მანამდე კი – საქართველოში დეპუტატ გავრილოვის მივლენა საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად! გავრილოვისა, რომელსაც არაერთგზის გაუკეთებია განცხადებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ! თუ პროვოკატორი არ ხარ, მაშინ რა დონის დილეტანტი უნდა იყო, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში გაგზავნო! რა ესაქმება მას  იქ, ან რას შეიძლება, მიაღწიოს?! რა თქმა უნდა, გააგდებდნენ. ნუთუ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ პროცესს მოსკოვში უწევდნენ კოორდინირებას, დღემდე ვერ გააცნობიერეს საქართველოს მოსახლეობის განწყობები, ან ეს უბრალოდ არ სურთ?! სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ რუსეთმა ეს პროვოკაცია გამიზნულად დაგეგმა, იცოდა რა, რომ ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, როგორც კი თბილისში გამოჩნდება, მასობრივ პროტესტებს გამოიწვევს. ჰოდა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, სპეციალურად ხომ არ გაგზავნეს მაინცდამაინც გავრილოვი თბილისში პროვოკაციის მიზნით? 

მოსკოვის მხრიდან იყო სხვა განცხადებებიც. ფედერაციის საბჭოს კომიტეტის პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი ირწმუნებოდა, რომ თბილისის მოვლენებმა დარტყმა მიაყენა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს... ბატონო ჯაბაროვო, თქვენ საბჭოში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობთ და არ იცით, რომ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის დიპურთიერთობები არ არსებობს - თქვენი გამოისობით და შესაბამისად, რაც არ არსებობს, იმას ვერ გააფუჭებ?! 

მოსკოვი თბილისში მიმდინარე მოვლენების აგრესიად, „რადიკალებისა“ და „ექსტრემისტების“ მოქმედებად წარმოჩენას ცდილობს. ეს ეპითეტები ყველა რუსი ოფიციალური პირის, მათ შორის კრემლის პრეს–მდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებაში ვიხილეთ და  ამ განცხადებაზე ყურადღება მინდა, გავამახვილო: იგი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა 2014 წელს უკრაინაში დაწყებულ მოვლენებამდე გაკეთებული განცხადებისგან, ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ამჯერად სიტყვა „ფაშისტები“ არ თქმულა, 2014 წლის მოვლენების დროს კი ამბობდნენ, „უკრაინაში მცხოვრები რუსები უკრაინელი ფაშისტებისგან უნდა გადავარჩინოთო“, თუმცა ის „ფაშისტები“ დღემდე ვერ იპოვეს .და მათ არც ერთი მშვიდობიანი რუსი დღემდე არ მოუკლავთ... როგორც ჩანს, ამიტომაც იკავებენ ახლა თავს, ტერმინი „ფაშისტი“ საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენონ, შემოიფარგლებიან მხოლოდ „ექსტრემისტებითა“ და „რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტებით“. მაპატიეთ, მაგრამ თუ მომიტინგეები „ექსტრემისტები“ და „ნაციონალისტები“ არიან, საქართველოს პრეზიდენტი ვინღაა, რომელმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ რუსეთი მტერია და ოკუპანტი? ისიც „ექსტრემისტია“? ისიც რადიკალურად არის განწყობილი? - არამც და არამც, ჩემო მეგობრებო, მოდით, მოვლენებს ობიექტურად ვუყუროთ, ეს მაინც ვისწავლოთ, ეს მაინც მოვახერხოთ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს რუსეთის მოქალქეებისთვის მოვლენების ობიექტურად შეფასება სამართლიანობისა და საღი აზროვნების თვალსაზრისით, რადგან რუსეთში არსებობს გუნდი ისეთი ამხანაგებისა, როგორებიც არიან სოლოვიოვი, ბაბაიანი, ბაღდასარიანი, სიმონიანი – ველიკორუსი  ნაციონალისტები, რომლებიც უკვე წლებია, ტვინს უღუნავენ რიგით რუსებს, „აი, ამერიკელები გამოჩნდნენო ხან ლვოვში, ხან საქართველოში,.. ახლა წამოვლენ და რუსეთის ოკუპაციას მოახდენენო“... 

დღეს „ფეისბუქში“ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე ზახაროვას განცხადებას გადავავლე თვალი, რომელშიც იგი ასევე აფრთხილებს რუსეთის მოქალაქეებს, არ წავიდნენ საქართველში, სადაც „აგრესიული ადამიანები არიან და ტურისტები ექსტრემისტებს შეიძლება, შეეჩეხონ“.  ქალბატონო ზახაროვა, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის აგრესიული არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის. ზოგადად ქართველი ხალხი რუსი ხალხის მიმართ აგრესიული არასოდეს ყოფილა და საკუთარი ტყავი ხალხის ტყავში ნუ გერევათ, თუ შეიძლება! რუსების მიმართ აგრესია რომ ყოფილიყო ან ახლა იყოს, მთელი ბოლო წლების განმავლობაში ამდენი რუსი ტურისტი არ ჩავიდოდა საქართველოში! და საჩივრები ქართველების მხრიდან ცუდ დამოკიდებულებაზე მათგან დღემდე არ შემოსულა! მაგრამ როდესაც იქ რუსი პოლიტიკოსი ჩადის, კი ბატონო, მის მიმართ იჩენენ აგრესიას, რადგან მას იქ არაფერი ესაქმება! და მთელი ქართული საზოგადოება - დაწყებული რიგითი მოქალაქით, დამთავრებული პრეზიდენტით - ამბობს , რომ რუსეთი ოკუპანტია, მან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და დღეს ამ შეფასებას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გატანილ ლოზუნგებზე ვხედავთ, სადაც მთელი ქართული სტუდენტობაა თავმოყრილი! 

თქვენგან განსხვავებით, მე გული მტკივა ამ ლოზუნგების შემხედვარეს, რადგან ჩემთვის სამშობლო საქართველოა, ხოლო ჩემი შვილიშვილებისთვის - რუსეთი! წლებია, ვწერ, რომ ქართული საზოგადოებისთვის რუსეთი აღარ არსებობს, რუსი ადამიანი არსებობს, მაგრამ რუსეთი – არა, რადგან მეტისმეტად ბევრი დააშავა რუსულმა სახელმწიფომ და არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, - აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის მიმართაც იგივეა... ახლა შუა აზიაც ზურგს გაქცევთ, საკმაო აგრესიაა ყაზახეთში...  და რა, ირგვლივ ყველა გაგიჟდა და მხოლოდ თქვენ ხართ მართლები?! როდის ისწავლით მოვლენების სამართლიანად და ობიექტურად შეფასება-გააზრებას? იგივე საგარეო უწყების საიტზე კომენტარები რომ გადაათვალიეროთ, ხვდებით პუტინისადმი მოწოდებებს, "საქართველოში ჯარი შეიყვანოს"!  – აი, ეს არის დღეს რუსეთის საშუალო სტატისტიკური მოქალაქის აზროვნების სტილი, რომელიც ამ სოლოვიოვების, ბაბაიანების და სხვათა მიერ არის ფორმირებული და მათი მხრიდან რუსეთის მოსახლეობის ამერიკელებით დაშინების შედეგს წარმოადგენს! რეალურად კი, ეს „ამერიკელები“ მათი სახით  მოსკოვში სხედან, რუსეთის ტელევიზიაში! სწორედ მათი „დამსახურებით“ რუსეთმა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელთანაც როგორც სულიერი, ისე ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები ჰქონდა, ძალით აქცია მტრებად! ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ეს ხომ უნდა გაიაზროთ?! დროა, შეიგნოთ, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის სამუდამოდ დაკარგულია და ეს თქვენ ჩაიდინეთ! ახლა დასხედით და დაფიქრდით, რა გამოსავალი მოძებნოთ ამ მდგომარეობიდან.  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ხაზი გააგრძელოს"... მაინტერესებს, ეს რაში გამოიხატება, ან როგორ აპირებთ ამას? ან უკრაინასთან როგორ აპირებთ? როცა ქვეყანა ისეთ ჩიხში შეაგდეთ, საიდანაც გამოსავალი პრაქტიკულად არ არსებობს. როგორ აპირებთ ახლა ვითარების გამოსწორებას, მართლმადიდებლობის საშუალებით?! მახსოვს, რამდენიმე წლის წინ აქ ქართული საეკლესიო გუნდი იყო ჩამოსული, მათ რუსეთის მასშტაბით გასტროლები მოუწყვეს, ხალხიც ტაშს უკრავდა  და ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ეს იყო და ეს... ვერც მართლმადიდებლობა გიშველით უკვე,, რადგან ყველაფერი ჩაძირეთ, რაც კი შესაძლებელი იყო! სხვათა შორის, იგივე სასულიერო პირების პოზიციებს რომ გადახედოთ საქართველოში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ „რუსეთი თვალთმაქცობს და  მართლმადიდებლობით მანიპულირებს“... ანუ, თქვენი არც სასულიერო პირებს სჯერათ! ასე, რომ შემოვლითი გზების გამოყენებით ქართველების გულის მოგება არ გამოგივათ, ეს უბრალოდ შეუძლებელია, სანამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენთ! 

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ამის პოლიტიკური გამბედაობა. ალბათ, იმასაც ფიქრობს,ხომ არ ეწყინება ნაურუს , ტუვალუს, რომლებისგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იყიდა? არადა, თავად აფხაზებსაც არ სჯერათ, რომ სახელმწიფო არიან, თავად ოსებსაც არ სჯერათ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსული მედია ტირაჟირებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის, აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ ცნობებს! რა პარლამენტზე საუბრობთ საერთოდ, პარლამენტზე 4 სოფლისთვის?! ნაურუს და ტუვალუს გარდა, ამის მოსმენაც კი არავის სურს და ასე იქნება ყოველთვის! იგივე ეხება ყარაბაღს. 

რუსეთის ხელისუფლების პრობლემა, რომელიც დღეს არ დაწყებულა და ყოველთვის იყო, იმაში მდგომარეობს, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა ყოველთვის მუშაობდა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური  ელიტების გამოყენებით და არა ხალხებთან. მას არ სურს ხალხის აზრის, მათი განწყობების გათვალისწინება. თუ დღეს რუსეთს აზერბაიჯანთან მეტ–ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა აქვს და ამის ხაზგასმა ძალიან უყვართ როგორც მოსკოვში, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში, ეს არა რეალობა, არამედ უმეტესწილად თვალთმაქცობაა და თუ ალიევის ხელისუფლება  რაღაცნაირად ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის თავს, როცა ის აღარ იქნება, აზერბაიჯანში აღარ დარჩება არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსკოვთან რაიმე საქმის დაჭერას მოინდომებს, იმიტომ, რომ თითოეული აზერბაიჯანელი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის მეოთხედი ოკუპირებულია სწორედ რუსეთის და არა სომხეთის მიერ! არავინ დაიჯერებს, რომ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანს ომი მოუგოს, ისევე, როგორც არავის სჯერა, რომ სამხრეთ ოსეთის 5000–იანმა მოსახლეობამ ომი მოუგო საქართველოს, ან 200 000 აფხაზს შეეძლო საქართველოს დამარცხება! მოდით, სიმართლის ლაპარაკი დავიწყოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ტყუილების ტირაჟირება, რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემების ხან ამერიკულ, ხან დასავლური დაზვერვის ჩარევად, ხან სხვა „სოუსში“ წარმოჩენა? სანამ არ აღიარებთ საკუთარ შეცდომებს, დანაშაულს, მანამდე ვერავისთან ვერაფერს გამოასწორებთ! 

არც ამ დღეებში გსურთ, თბილისში მიმდინარე მოვლენების რეალური არსი აღიაროთ, არადა, ყველაფერი დღესავით ნათელია, იქ რუსი დეპუტატის გამოჩენა ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო. და ამ შეცდომის აღიარების ნაცვლად, მოსკოვი კვლავ ამერიკულ კვალს ეძებს. - ხან ამერიკულს, ხან გერმანულს, ხან თურქულს, ხან ბრიტანულს და რა ვიცი, კიდევ რომელს... 

რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მის მიმართ ოდესღაც მეგობრულად განწყობილი მეზობლების მტრებად გადაქცევა?  - პირადად მე ამ ვითარებიდან გამოსავალს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ამაზე, წესით და კანონით, უნდა ზრუნავდნენ: პრეზიდენტის მრჩევლები, საგარეო უწყება, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ისინი ამაზე არ ფიქრობენ, რადგან მათ მიიყვანეს ვითარება ამგვარ ტრაგედიამდე სოლოვიოვთან, სიმონიანთან და სხვა პროპაგანდისტებთან ერთად.  სწორედ ტრაგედიაა, როდესაც ყველა ძმას გადაიმტერებ და გარდა ამისა, რუსეთის საერთაშორისო იმიჯს საკუთარი ხელით გაანულებ! დღეს რუსეთი გამოიყურება ქვეყნად, რომელიც არანაირ წესსა და კანონს არ სცნობს. ასე ლამაზად რომ გვიყვება რუსული ტელევიზია  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არჩევნებზე რუსეთი არ არიგებდა იქ თავის პასპორტებს? და ახლაც ამას აგრძელებს!. ამიხსენით ერთი, როგორ ირჩევს მოსახლეობა, რომლის 78% რუსეთის მოქალაქეა „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის" პრეზიდენტებსა თუ პარლამენტებს“? რომელ საარჩევნო ნორმებში ან საერთაშორისო აქტებშია მსგავსი რამ გაწერილი?! დასაცინს ხდით რუსეთს მთელი მსოფლიოს თვალში! ყველა დაგცინით, ნაურუს და ტუვალუს გარდა, რომლებმაც არც კი იციან, სად მდებარეობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი... აი, ასეთ აბსურდამდე მიიყვანეთ რუსული სახელმწიფოს იმიჯი, საერთაშორისო ავტორიტეტი და დიადი დერჟავა და ამაში საკუთარი დანაშაულის აღიარება, რა თქმა უნდა, არავის სურს. 

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 1990–იანი წლებიდან დაიწყო, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა. კრემლმა მაშინვე წამოიწყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან ეროვნული ავტონომიების წართმევის პროცესი. ეს დაიწყო ყარაბაღში, გაგრძელდა საქართველოში, დნესტრისპირეთში, უკრაინაში, სადაც წარმოშვეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები და დღეს არავინ იცის, რა მოუხერხონ მათ.  როცა დღეს კითხულობთ, რატომ არიან აგრესიულები ქართველები, თქვენ რა, ეს ყველაფერი დაგავიწყდათ, თუ თვალს გვიბნელებთ მთელს მსოფლიოს?! აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ იკმარეს და 2004 წელს აჭარის წართმევაც სცადეს, მაგრამ  მაშინ სააკაშვილმა, რომელიც არასოდეს მომწონდა, ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და პრობლემა მოიხსნა. პერიოდულად სულ ახორციელებდნენ იგივე მცდელობებს ჯავახეთთან მიმართებაში, რომელიც გეგმის მიხედვით, სომხეთისთვის უნდა მიეერთებინათ და იგი შავ ზღვაზე გასასვლელს გაიჩენდა. არა მგონია, აჭარის წართმევის გეგმა კრემლს მივიწყებული ჰქონდეს, რადგან სომხეთისთვის ერთადერთი სასუნთქი არტერია საქართველოს სამხედრო გზაა. მხოლოდ ამის გამო არიან ჯერ–ჯერობით გაჩერებულები ჯავახეთი და სომხეთი. როგორც კი სომხეთი გასასვლელს მოიპოვებს (ოღონდ არ ვიცი, ეს როგორ მოდება, მათ თურქეთთან საზღვრის გახსნის იმედი აქვთ), მაშინვე დააყენებენ ჯავახეთის მიერთების საკითხს... და ვინ უჭერს ამ ყველაფერს მხარს? კრემლის ნებართვის გარეშე კავკასიაში ჩიტს შეუძლია, გადაიფრინოს? 

და ეს ესმის ყველას - ქართველებსაც, აზერებაიჯანელებსაც, უკრაინელებსაც... და ამ ხალხების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებების პირობებში ან რას ელის, ან რას იგებს რუსეთი? ჰყავდათ ძმური უკრაინა 50 მილიონიანი მოსახლეობით – ახლა ჰყავთ მტრული უკრაინა 50 მილიონიანი მოსახლეობით მინიმუმ, 100 წლით; ჰყავდათ მოძმე საქართველო – ახლა ჰყავთ მტრული საქართველო; ჰყავდათ მოძმე აზერბაიჯანი, მაგრამ აზერბაიჯანი მოძმე აღარ არის, არის მხოლოდ სიტყვიერად... სანაცვლოდ რა მიიღო რუსეთმა?  – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? ეს ნანგრევები? და ვის სჭირდება ისინი?! ლუგანისკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, რომელსაც არ იციან, რა მოუხერხონ და მხოლოდ ახალი პრობლემაა ქვეყნის თავზე?!

ეს რა ჩაიდინეთ! ვინ მართავს ასე სახელმწიფოს, რომელი საგარეო მუშაობს ასე?! მე გული მტკივა რუსეთის გამო. ბოლო 20–25 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთი სრულ ჩიხში შეიყვანა საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით და ეს ჩიხი პირდაპირ ეხებათ უახლოეს მეზობლებს, რომელთანაც რუსეთს მჭიდრო ადამიანური, სულიერი ურთიერთობების ასწლეულები აკავშირებდა. ძალიან უნდა მოენდომებინათ, ეს ყველაფერი გაენადგურებინათ...

ახლა თბილისში აქციები გრძელდება. საქართველომ, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უჩვენეს რუსულ პოლიტიკურ ელიტას და არა რუს ხალხს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუს პოლიტიკოსებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ. და ამიერიდან ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს, მიიწვიოს რომელიმე რუსი კოლეგა საქართველოში, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს მისი კარიერის დასასრული იქნება! 

რუსეთის ხელისუფლებას და მის პროპაგანდას უყვართ კივილი იმის შესახებ, რომ „ქართველებს, უკრაინელებს აშშ უნდათ, ევროპა უნდათ, NATO-ში უნდათ შესვლა“.... ამიხსენით ერთი, სვანეთში მცხოვრებ ვინმე გივის რატომ უნდა მოსნდომებოდა ამერიკა და ევროპა, რომელიც მანამდე თვალით არ უნახავს,  როდესაც მისი შვილები, მაგალითად, რუსეთში ცხოვრობენ? მაგრამ მას უნდა, ნორმალურად იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობაა, დაცულია ადამიანის უფლებები, არსებობს სოცუზრუნველყოფა... ამიტომაც ისწრაფვის იმ მიმართულებით, სადაც უკეთესია, - ასეთია ადამიანის ბუნება, ასე სურთ აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც, რაც მათ აჩვენეს კიდეც: მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთის დახმარებით მიიღეს სომხებმა ყარაბაღი და კიდევ 6–7 რაიონი და მაინც არ უნდათ რუსეთთან. ამიტომაც არიან დღეს სომხეთის ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე განათლება დასავლეთში მიიღეს და იქ მუშაობდნენ... გილოცავთ, რუსეთის სახელმწიფო აპარატო! აქციეთ თქვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი, აშშ–ზე უფრო მიმზიდველი და ნახავთ, თუ გაიხედავს იქით ვინმე – არც ერთი უკრაინელი აღარ გაიწევს ევროკავშირისკენ, რადგან გულში იგი თქვენსავით სლავია! მაგრამ რაც ახლა ხდება, ყველაფერი თქვენი ბრალია და თქვენს თავს დააბრალეთ! ეს თქვენ აიძულეთ ეს ხალხები, სხვაგან ეძებონ უკეთესი ცხოვრება, სახელმწიფოს უკეთესი მმართველობა, ეძებონ იქ, სადაც ეს არის, რადგან რუსეთში ეს ვერ იპოვეს. დრო კი შეცვლილია, საბჭოთა პერიოდი აღარ არის, როდესაც მხოლოდ ტელევიზია არსებობდა და გამუდმებით უშვებდნენ ეთერში ცნობებს, როგორ იდგა აშშ–ში რიგები უფასო სუპების მისაღებად... დღეს ინტერნეტისა და სოცქსელების პირობებში ვეღარაფერს დამალავ!

ასე, რომ გილოცავთ! თქვენივე შექმნილი პრობლემა კეთილი ინებეთ და თუ შეძლებთ, მოაგვარეთ! თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება, აწი რამე მოახერხოთ, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებთ, რუსეთი განწირულია, ასწლეულობით მტრების მიერ იყოს გარშემორტყმული, რომლებიც გუშინ მისი ძმები იყვნენ".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვაშაძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებს, ხვალ პარლამენტში არ მივიდნენ