"მელიას, რომ მოჰკიდებ ხელს და არაფერს იზამ მინისტრთან მიმართებაში, ეს შერჩევითი მიდგომაა"

ნიკა მელიასთვის წაყენებულ ბრალს "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური ეხკიანება და შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, მისი თქმით, თუკი არსებობს ნიკა მელიას წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები, ის უნდა მისცენ პასუხისგებაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ჩადენილი იქნა დანაშაული და გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„კანონის შერჩევითად აღსრულება ხდება. იმ შემთხვევაში თუ კი ნიკა მელიას დაუდგინდება და მტკიცებულებებით დამტკიცდება ის, რომ ჩართული იყო ამ ყველაფერში ცხადია, არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მაგრამ მაშინ, როდესაც ამდენი ხალხი დაზიანდა, მაშინ, როდესაც პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებას და გამოიყენა იარაღი, რომელმაც დაუგლიჯა ადამიანებს სხეულები და რამდენიმე ადამიანი  თვალის გარეშე დატოვა, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას რომ მოკიდებ ხელს და არაფერს არ იზამ თვითონ მინისტრთან მიმართებაში და იმ პოლიციელებთან მიმართებაში, რომლებიც ამას ჩადიოდნენ ეს ნამდვილად შერჩევითი მიდგომა არის,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, შეელიოს გიორგი გახარიას.

"გიორგი გახარიას ინარჩუნებენ. დღევანდელი პარლამენტის სხდომიდან ეს აშკარა გახდა, როდესაც მათ თქვეს, რომ გიორგი გახარია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. ყველამ ვიცით, რომ კანონის შესაბამისად არ მოქმედებდა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა და მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას ითხოვს. საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. 

უკვე მეექვსე დღეა, პარლამენტის წინ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს