20–21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული ორი პირი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან ორი ადამიანი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ნიუს ჰოსპიტალში“ აქციის დაშლისას დაშავებული ოთხი ადამიანი რჩება, სამი კი, რეგიონალურ ჰოსპიტალში:

„დაშავებულები გუშინ მოვინახულე. „ნიუ ჰოსპიტალში“ ოთხი დაშავებული რჩება. ძირითადი ტრავმები აღენიშნებათ თვალისა და სახის, ყბის მიდამოში. რამდენიმე შემთხვევა მძიმე შედეგით არის დასრულებული. მხედველობა დაკარგული აქვთ ან რამდენიმე ოპერაცია დასჭირდებათ, რომ თუნდაც მხედველობა ნაწილობრივ შეუნარჩუნდეთ. რაც შეეხება რეგიონალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ სამ პირს, ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და შედარებით კონტაქტურია. თუმცა ორი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. სამივე მათგანს აღენიშნება თავის ძლიერი დაზიანება. თავის ტვინის ტრავმა. შესაბამისად, ექიმები პროგნოზსს ვერ აკეთებენ, როგორ წარიმართება მათი გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის: თბილისში, 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp