"ექვსი მოწმიდან ოთხი სუს–ის აგენტია, ორი კი შსს–ს მხარდამჭერი"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის განცხადებით, მისი თანაპარტიელის ნიკა მელიას წინააღმდეგ ყველა სამართლებრივი არგუმენტი გაქარწყლებულია. მისი თქმით, საქმეში არსებობს აქციის ექვსი მონაწილის ჩვენება, რომელთაგან 4 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია.  

"ნიკა მელიას წინააღმდეგ 6 მოწმის ჩვენებაა, მათგან 4 სუს–ის აგენტია, 2 შსს–ს და პროკურატურის აქტიური მხარდამჭერი. ერთ–ერთმა პროკურატურას მადლობის წერილი მისწერა, რომ საქმე აღიძრა. ამიტომ ყველა სამართლებრივი არგუმენტი გაქარწყლებულია, ერთადერთი, ივანიშვილის დანაშაულებრივი სურვილია. მტკიცებულებების შეთითხნვა კი დანაშაულია. ეს პროვოკატორები ამბობენ, ნიკა მელიამ მათი სახით შექმნა ჯგუფი და მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ",– განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ დროისთვის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანული სხდომა, რომელზეც ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატზე მსჯელობენ, მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს.   

პარლამენტთან იგეგმება აქცია, ამ დროისთვის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. 

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა და პარლამენტს მანდატის მოხსნას სთხოვს, რათა სასამართლოს მელიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp