ტაქსის მძღოლებს მანქანების გადაღებვის ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს მანქანების გადაღებვის ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე შეეძლებათ, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებმა შესაბამის მისამართლზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა, ასევე ქიმწმენდა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე. მოგეხსენებათ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ვაუჩერების განაღდება სწორედ პირველ ოქტომბრამდეა განსაზღვრული. არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება იმისთვის, რომ ბენეფიტი მიიღოს როგორც ტაქსის მძღოლებმა, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ასევე ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაში გვაქვს ნათქვამი. აღარ გავაგრძელებ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp