კობა გვენეტაძე: "ჩვენ რბილი საბანკო რეგულაციები გვაქვს" 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რბილი საბანკო რეგულაციები მოქმედებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კრედიტის მიღება არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის.

„მე ბევრჯერ განვმარტე, რომ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციას , რომელიც საქართველოშია, ის საკმაოდ რბილია, რადგანაც სხვა ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ე.წ. არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება შემოსავლებში, ხოლო ის რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ამას განიხილავს და უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშაონ ის წესები და მიდგომები, რომლითაც განსაზღვრავენ არაოფიციალურ შემოსავლებს. თუ ვინმეს აქვს შემოსავალი, რომელიც არ არის ოფიციალური, ამის გათვალისწინება აბსოლუტურად შესაძლებელია სესხის აპლიკაციის განხილვისას. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით და იმის ანალიზით, თუ რამდენად კარგად ხდება ამ დაშვების გამოყენება, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა იმ მსესხებელმა, რომელსაც სესხის მომსახურეობის საშუალება აქვს, მიიღოს სესხი და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ბიზნესმენების შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მაკროეკონომიკური საკითხის პრეზენტაცია გაიმართა, საუბარი შეეხო ეკონომიკაში არსებულ გლობალურ ტრენდებსა და სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს რეიტინგების შეფასების საკითხებსაც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე