მელიას საქმე: რა გეგმა აქვს ხელისუფლებას

მართლმადიდებელი კომუნისტის,  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო მწვავე სახე მიიღო: დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნის საკითხს. როგორც ცნობილია, პროკურატურა გეგმავს, სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. საკითხის განხილვა დღეს პარლამენტში მწვავე დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, ეს ფონი მომავალშიც შენარჩუნდება, რადგან ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დაკავებები გაგრძელდება, თავად კი გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლება ამ ნაბიჯებით ცდილობს, რუსთაველზე უკვე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციის მთავარმა მოთხოვნებმა: გადადგეს შს მინისტრი, გათავისუფლდნენ „გავრილოვის ღამეს“ დაკავებული დემონსტრანტები და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, უკანა პლანზე გადაიწიოს, მოახდინოს დემონსტრანტების მარგინალიზება და თევზი „მღვრიე წყალში“ დაიჭიროს – შეინარჩუნოს ძალაუფლება.   


„ნიკა მელიას საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ, ეს ჩემი საქმე არაა, თუცა ამ დროისთვის მიღებული გადაწყვეტილებებით ეს საკითხი დასრულებული არ არის: შედგება სასამართლო პროცესი, რომელზეც ხელისუფლებამ არგუმენტები უნდა დადოს და თუ დასასჯელია მელია, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, ხელისუფლება საკმაოდ ისტერიულად ცდილობს, რომ ორპოლუსიანობის ნარატივი შეინარჩუნოს, ისევ შუა გაკრიფოს და წარმოადგინოს, რომ ეს არის მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება და ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს „ჩაუდოს“ ნიკა მელია, ისევ „სისხლიანი ცხრა წლის“ ნარატივში დააბრუნოს ქვეყანა. თვითგადარჩენის ინსტიქტით მოქმედებენ, რადგან იციან, რომ მათთვის პრობლემა რეალურად არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ალტერნატიული მოძრაობებია. ამ დღეებში ვხედავდით, როგორ ყველანაირად ცდილობდა ხელისუფლება, ეს ახალგაზრდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიეწებებინა, მაგრამ არ გამოუვიდა და ამიტომ არის შეშინებული. ისინი ფიქრობენ, თუ ნებისმიერ პროცესს ნაციონალებთან მივაწებებთ, მერე რაღაცას ვიზამთო“,– განუცხადა „აქცენტს“ გია ხუხაშვილმა.   

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამჟამად ხელისუფლების მიზანი რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების მოთხოვნებში ცვლილებების შეტანაა: 

„ახლა „ქართული ოცნების“ მთავარი ოცნება, გეგმა გახლავთ, აქციაზე მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლება გახდეს, რეალური პრობლემები გადავიდეს უკანა პლანზე და უკვე მღვრიე წყალში ჩვეულ სტილში სცადოს თევზის დაჭერა. ალბათ ახლა რაღაც სატელეფონო ჩანაწერებსაც გამოყრიან. ისევ მიშას „შპარგალკებით“ მოქმედებენ, რადგან თავისით ვერაფერი ისწავლეს, ვერაფერი შეჰქმნეს“.

ანალიტიკოსი რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს ურჩევს, ხელისუფლების პროვოკაციას არ წამოეგონ.

„მიტინგი უნდა დარჩეს იგივე მოთხოვნებით და სულისკვეთებით, რაც აქამდე იყო. კი ბატონო, შეიძლება მელიაზე რაღაცის თქმა, მაგრამ მელია მთავარი თემა არ უნდა გახდეს, რადგან როგორც ვთქვი, ხელისუფლების მიზანიც ესაა: „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნება და ახალგაზრდების მათთან გაიგივება. ამ ტიპის პროვოკაციებით შვილის ტოლა თაობასთან მოქმედება, სიბინძურეა. ენმ–ს თავისი ცოდვები აქვს და ამ ცოდვებმა უწია კიდეც, მაგრამ ეს ხელისუფლება მას აღარაფრით სჯობს, აღარანაირი მორალური უპირატესობა აღარ აქვს და ამ ბავშვებს თავი დაანებონ, მათ თავიანთი გზა იციან. რაც უფრო მეტ მსგავს სიბინძურეს ჩაიდენს ხელისუფლება და შეეცდება ბავშვების პროვოცირებას, სათამაშოდ ქცევას, მით უფრო სასტიკი იქნება სამომავლოდ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. ეს კარგად უნდა გააცნობიერონ.  მათ, რომ თავიდანვე გადაეყენებინათ ირაკლი კობახიძე, ამ უბედურებასაც ავცდებოდით, მაგრამ ხელიუსფლება ერთის მხრივ, უხარისხოდ მოქმედებს ნაჯახით და მეორეს მხრივ, იაფფასიანი პროვოკაციებით არის დაკავებული“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოვლენებს ადეკვატურად ვერ აღიქვამს:


„შესაძლოა, თავდაპირველად აქცია მართლაც პოლიტიოსების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ სადღეისოდ ეს აქცია არც ერთი პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის: დემონსტრაცია მიჰყავთ ახალგაზრდებს, საზოგადოება კი მათ ირგვლივ იკრიბება“.

როგორც „აქცენტს“ ანალიტიკოსმა განუცხადა, მოხდება თუ არა მიმდინარე აქციების პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება, ამას საზოგადოებისთვის 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს და ვერც ხელისუფლებისთვის იქნება დივიდენდის მომტანი:

„აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაშალა, დაარბია. მათ გააკეთეს ის, რაც თავის დროზე გააკეთა  „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამიტომ, შეეცდებიან თუ არა ენმ რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დააკავშირონ, ბევრს არაფერს ცვლის არც კონკრეტულად ამ შემთხვევაში და არც ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით. საზოგადოება ამას არც და ვერც მიიღებს. მე არ ვიცი რას ედავებიან ირაკლი ოქრუაშვილს და გიგი უგულავას, მაგრამ ნიკა მელიას მოწოდება ნამდვილად პროვოკაციული იყო, თუმცა რამდენად კავშირშია მისი მოწოდება სპეცრაზმთან შეჯახებასთან და იყო თუ არა ამ მოწოდებაში დანაშაულის ნიშნები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მელიას განცხადება ხელისუფლებამ გამოიყენა არა იმისთვის, რომ ადეკატური ნაბიჯები გადაედგა, არამედ იმ მიზნით, რომ საკუთარი ქმედებები მიეწერა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თავადაც პროვოკაციაზე წავიდა და მანიფესტანტები დაარბია, დაიღვარა სისხლი, არიან დასახიჩრებულები და ამ თემის სხვა საკითხზე გადატანა „ქართულ ოცნებას“ ვერ გაამართლებს. მას ვერც ის გაამართლებს, რომ წარსულში მსგავსი ქმედებები ენმ–საც აქვს ჩადენილი. წარსულით დღევანდელის განსჯა წარმოუდგენელია. დღეს მან დაუშვა შეცდომა, ან ჩაიდინა წინასწარ განზრახული ქმედება“.

ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლება განაგრძობს ენმ–ის მიერ დაშვებული შეცდომების განმეორებას და ცდილობს, საზოგადოებას მის მიერ წარმოდგენილი „რეალობა“ შესთავაზოს, თუმცა ამას ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ წარმოდგენილ სურათს საზოგადოება დაიჯერებს:  

„მთავარი საკითხი ის კი არაა, ვინ რას განაცხადებს, არამედ ის, ეს განცხადებები რა გამოძახილს ჰპოვებს საზოგადოებაში. მაშინ [წინა ხელისუფლების დროს] „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ხალხმა არ დაიჯერა და არც ამ განცხადებებს დაიჯერებს. თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ირაკლი კობახიძეს [პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს], ნიკა მელიას და გიორგი გახარიასაც. კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ეხება მხოლოდ იმ საკითხს, როგორ აღმოჩნდა სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პასუხისმგებლობის მხოლოდ მელიასთვის დაკისრებას, როგორც არ უნდა სურდეს ხელისუფლებას, არავინ მიიღებს. რაც არ უნდა დადასტურდეს მელიასთან მიმართებაში, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა გახარიას კისერზეა, მელიას ხომ არ უსვრია ტყვიები ამ ხალხისთვის? ხელისუფლებას გახარიას პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა ექნება, კი ბატონო, კონსტიტუციაც ასე მიიღეს (რომელშიც უკვე შევიდა უამრავი შესწორება), მაგრამ მთავარია, ხალხი მიიღებს თუ არა ამას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“