შუამავალი აქციის დაშლის დაწყებამდე: "ყველაფერი გავაკეთე, რომ ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო"

პალიკო კუბლაშვილი ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შუამავლის როლს მართლაც ასრულებდა და აპირებდა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო გახარიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომუნიკაცია შედგა „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შემდეგ კი იგეგმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება ნიკა მელისა და გრიგოლ ვაშაძესთან.


„ჩვენ ყველანი ერთად ვაკვირდებოდით იმ პროცესს, რაც მიდიოდა პარლამენტის შესასვლელთან, ყველა პოლიტიკოსი, არა მხოლოდ ჩემზე მაქვს საუბარი, პოლიტიკოსები, ვინც იყვნენ იქ, ყველანი ცდილობდნენ, რომ სიტუაცია განემუხტათ. ამ, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება იყო მოლაპარაკება. ამის საშუალება ექნებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ორივე მხარესთან ჰქონოდა კომუნიკაცია. მე ამ შემთხვევაში შევთავაზე აკაკი ბობოხიძეს, რომ გავსულიყავი კონტაქტზე, შემეთანხმებინა შეხვედრის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ გახარია დათანხმდა ამ ტიპის შეხვედრას. ამის შემდეგ ბობოხიძესთან ერთად ვცდილობდი, რომ აქეთა მხრიდანაც თანხმობა ყოფილიყო. მე ნიკა მელიასთან არ მქონია საუბარი, ბობოხიძესთან მქონდა საუბარი. დროის გამო თუ იმის გამო, რომ ვერ მოვასწარით, შეიძლება მე დავაგვიანე კონტაქტზე გასვლა. ეს შეხვედრა არ შედგა და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო,“ - განუცხადა "რუსთავი 2"–ს პალიკო კუბლაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, იყო შეთავაზება, მოსალაპარაკებლად პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის ახსნა, რომ იცით, რა ახლა პატარა ნაბიჯი იდგმება ერთმანეთისკენ, საჭიროა ბოლომდე დავმშვიდდეთ, სრულიად მოულოდნელად დაიწყო ტყვიებისა და ცრემლსადენი ხელყუმბარების სროლა.“ - აღნიშნა ბობოხიძემ.

ნიკა მელიას ინფორმაციით კი კუბლაშვილს მმარველი გუნდიდან სთხოვეს ოპოზიციასთან კონტაქტზე გასვლა: 

"რომელი სამოქალაქო პატრიარქი ბატონი პალიკოა? მან კი არ იტვირთა, სთხოვეს, "დაურეკე, შენ ხომ იცნობ მათ, თანახმა იქნებიან თუ არა ჩვენთან შესახვედრად. რა შეხვედრა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp