წიკლაური და ოდიშარია მელიას დაკავების საკითხზე დაფიქსირებულ კენჭისყრის შედეგებს ტექნიკურ შეცდომად აფასებენ

დეპუტატები – მირიან წიკლაური  და ბექა ოდიშარია ნიკა მელიას დაკავების საკითხზე დაფიქსირებულ კენჭისყრის შედეგებს ტექნიკურ შეცდომად აფასებენ. 

„რაღაც არ არის მანდ სწორად. ხმა მივეცი და ალბათ, არ დაფიქსირდა. ხვალ მივალ პარლამენტში და გავარკვევ ამ საკითხს. ნამდვილად მივეცი ხმა დადგენილების პროექტს“, - განაცხადა წიკლაურმა.

ბექა ოდიშარიას თქმით, მან მელიას წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგებში არ აისახა.

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp