დატოვებს თუ არა კაკულია "ქართულ ოცნებას": "რევერანსებს არ უნდა ელოდე"

უმრავლესობის დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებით, როდესაც გუნდის წინააღმდეგ მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვის, მოუწევს თუ არა მას მმართველი გუნდის დატოვება, საპასუხოდ განაცხადა. ცნობილია, რომ კაკულიამ ენმ–ის წევრ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

"როდესაც შენ გუნდის წინააღმდეგ მიდიხარ, ყველაფერზე მზად უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებულ რევერანსებს არ უნდა ელოდე, მემგონი და ამაში არც გასაკვირია რამე, არც არავის ვაკრიტიკებ ამის გამო და არც არავითარი პრეტენზია არავისთვის არ მექნება”.

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp