ზაზა სარალიძის ადვოკატი: „ცდილობენ, ორი შვილმოკლული მამა ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ ეს არ გამოვა“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატის განცხადებით, მისის დაცვის ქვეშ მყოფსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

ამის შესახებ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს.

„საზოგადოება 2017 წლის 1 დეკემბრიდან აქტიურად ადევნებდა თვალს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. შვილმოკლული მამა წელიწადზე მეტია იბრძვის უსამრთლობის წინააღმდეგ.

წარმოგიდგენიათ რა რთულია მამისთვის, უყურებდეს 12 ჭრილობით დასახიჩრებულ შვილის სხეულს და არ იცოდეს ვინ მოკლა. დილით სკოლაში მშვიდად გაშვებული შვილი ასე უმოწყალოდ დაჩეხილი დაუბრუნდა. თქვენ, ვინც ასე გულმოდგინედ აკრიტიკებთ დღეს მის ქმედებებს, შეძლებთ თუნდაც ერთი წუთით წარმოიდგინოთ თავი მის ადგილზე და ისე შეაფსოთ მისი ნაბიჯები. 

ზაზა სარალიძეს უმძიმეს ბრძოლასთან გამკლავება უწევს, მის წინააღმდეგ არაერთი პროვოკაცია დაიგეგმა. დაზარალებული ბრალდებულად აქციეს ისე, რომ არავის დაუსვავს კითხვა რამ მიიყვანა იმ კადრებამდე, რაც მთელმა საზოგადოებამ ნახა. 

ზაზა სარალიძე მხოლოდ მის საქმეზე სიმართლის დასადგენად არ იბრძოდა, სადაც თუნდაც ერთ სიტყვას მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ამბობდა, მეორე სიტყვა აუცილებლად თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს შეეხებოდა. დიახ, მე ვარ ამის მოწმე და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რა აქტივობაც არ უნდა დაგვეგეგმა ზაზა ყოველთვის გვთხოვდა, რომ აუცილებდა ერთად აგვეღნიშნა ეს ორი ძალიან მძიმე საქმე.

დღეს კი მის მიმართ ცრუ ბრალდებები გაისმის, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ. ცდილობენ ორი შვილმოკლული მამა ერთმანეთს დაუპირისპირონ , მაგრამ ეს არ გამოვა. ორივე საქმეზე აუცილებლად იზეიმებს სამართალი.

ზაზა სარალიძე კი არსად წასულა, მას უკან არ დაუხევია და არც აპირებს, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მისი ბრძოლა ურყევია, მისი მოთხოვნა კი უცვლელი. ადამიანის უფლებათა ცენტრი კი იდგება მის გვერდით, სამართლიან ბრძოლაში“, – წერს ადვოკატი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა