ოსური ტელევიზიის რეპორტაჟი ზემო ლარსიდან: „სრული სიმშვიდეა, სამგზავრო ნაკადი არ შემცირებულა, 8 ივლისიდან მის ზრდას ელიან“

ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოსურმა ტელეარხმა „IRYSTON.TV“–მ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სადღეისოდ არსებული ვითარების შესწავლა გადაწყვიტა. ირკვევა, რომ კრემლის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ტურისტული სანქციების მიუხედავად, ამ დროისთვის რუსეთიდან ნაკადის თვალსაზრისით ვითარება გასული წლის იდენტურია და კლების ტენდენცია ჯერ–ჯერობით არავის შეუნიშნავს – არც ტურისტებს, არც რუს მესაზღვრეებს.    

"მესაზღვრეების განცხადებით, ყოველდღიურად ზემო ლარსით საზღვარს 10 000–მდე ადამიანი კვეთს, ერთ კვირაში კი ეს რაოდენობა სავარაუდოდ, 16 000–მდე გაიზრდება. საბაჟო პუნქტზე ტურისტების მოსალოდნელი მოზღვავებისთვის ზომები უკვე მიღებულია: ამაჟამად საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე 15 ზოლია მოწყობილი და უკვე დამატებულია 5 ფანჯარა, ამასთან, წელს გააფართოეს ე.წ. ნეიტრალური ზონაც – გზის ის მონაკვეთი, რომელიც რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებს აკავშირებს. 

„როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება ამით მოწესრიგდება. ცალკე გამოყოფილია ოთხი ცალმხრივი მიმართულების  ზოლი სატვირთო ტრანსპორტისთვის და ცალკე ზოლები სამგზავროსთვის. ყველა პირობაა შექმნილი, გვაქვს მყარი საფარი, განათება, საგზაო მონიშნვა“, – ამბობს ერთ–ერთი ოსი მებაჟე.

გარდა ამისა, ე.წ. ნეიტრალური ზონა კეთილმოეწყო დასასვენებელი ადგილებით, საფეხმავლო გადასასვლელით, ბიოსაპირფარეშოებით, ნაგვის კონტეინერებით, ხაზების რაოდენობა კი ორიდან ხუთამდე გაიზარდა.

როგორც მესაზღვრეები აღნიშნავენ, მიუხედავად საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მორიგი გაციებისა, ტურისტული ნაკადი არ იკლებს, უახლოეს კვირებში კი დატვირთვის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, ამიტომაც გატარებული ზომები აქტუალურობას არ კარგავს.

„პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ცვლილებას მგზავრთა ნაკადის მიმართულებით. ჯერ-ჯერობით ნაკადი გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია – არც მეტი, არც ნაკლები“ – ამბობს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ზემო ლარსზე ანდრეი ბოჩინი.

როგორც ცნობილია, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება. ამასთან დაკავშირებით მესაზღვრეებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა როგორც ბოჩინი აღნიშნავს, ამ დროისთვის ლარსი მზადაა, მნიშვნელოვნად გაზრდილ სამგზავრო ნაკადთან გასამკლავებლადაც.

„თბილისშიც ვიყავით, ბათუმშიც, ქუთაისშიც. პირადად ჩვენ ვერც რაიმე საფრთხეს წავაწყდით, ვერც ცუდ დამოკიდებულებას. ძალიან მოგვეწონა. ძალიან კარგი, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია“, – ამბობს ლარსზე მყოფი კრასნოდარელი ტურისტი ვალენტინა ფილიპოვა.

არ წყდება ნაკადი საპირისპირო –  რუსეთიდან საქართველოს მიმართულებითაც.

„საქართველოში მყოფი ჩვენი მეგობრებისგან შევიტყვეთ, რომ ადგილზე არანაირი საფრთხე არ არის და ის, რაც რუსულ ტელეარხებზე და სოცქსელებში გვხვდება, მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდაა, ამიტომაც სწორად შევაფასეთ ვითარება და  არ შევცვალეთ აქეთ წამოსვლის გეგმა“, – ჰყვება ტურისტი დონის როსტოვიდან ტიმურ გოლჩუკი.

ერთი სიტყვით, ზემო ლარსზე სრული სიმშვიდეა და მზადყოფნა ტურისტული ნაკადის ზრდისთვის, რომელსაც 8 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ ვარაუდობენ“,  – ნათქვამია რეპოტაჟში.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„უსამართლობის გამო“ პროკურორმა სალომე ადეიშვილმა პროკურატურა დატოვა