ნიკა მელია: "როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ყური აუწიეს"

ენმ–ის წევრ ნიკა მელიას განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სასამარტლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. 

"მე არ შემიცვლია აზრი მურუსიძე–ჩინჩალაძის სასამართლოსთან დაკავშირებით. სხდომის დაწყებამდე ვუთხარი კიდეც მოსამართლეს, "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება". ის ჩვეულებრივი მოსამართლე [თემურ გოგოხია] არაა, კლანის წევრია. მე გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვნახე, "მელია დამნაშავეაო" – ალაპარაკეს. დღეს ვითარება შეიცვალა დიდწილად საზოგადობრივი განწყობების შესაბამისად, როგორც ჩანს პარტნიორების ზეწოლითაც. ბიძინა იმ საშიშროების წინაშე დადგა, რომ როგორც ჩანს, დაჭერას ამჯიბინა ის, რაც ახლა მოხდა... როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ყური აუწიეს",– განაცხადა მელიამ, "გუშინ დაჭერა კი არა, დახვრეტა უნდოდათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ"

ამასთან მან საკუთარ კოლეგებს მიმართა "ქართული ოცნებიდან":

"აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ: გაგაშიშვლათ, დაგაჩოქათ, ღირსება აგყარათ. მე თქვნს ნაცვლად მრცხვენია".

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 30 000–ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატის იმუნიტეტი მას პარლამენტმა გუშინ შეუჩერა.  

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება დეპუტატს მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გუშინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა.  

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp