რა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლემ მელიას

მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 30 000–ლარიანი გირაოს შეფარდებასთან ერთად რიგი შეზღუდვები დაუწესა. კერძოდ, როგორც სახელმწიფო ბრალდებამ ჟურნალისტებს განუცხადა, მელია ვალდებულია, სასამართლოს ჩააბაროს საზღვარგარეთის პასპორტი და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის არის საჭირო; გამოძახებისთანავე უნდა გამოცხადდეს სამართალდამცავ უწყებაში; ამასთან, ვალდებულია იმყოფებოდეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში – რეგისტრაციის მისამართზე და სამართალდამცველებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე არ დატოვოს; მას დროებით ეზღუდება საჯარო გამოსვლები და განცხადებები და იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც მის სისხლის სამართლის საქმეში მოწმეებად არიან მითითებული.   

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 30 000–ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. 

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება დეპუტატს მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გუშინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა.      

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp