„ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განწყობებზე უნდა იყოს კონკრეტული შედეგების დემონსტრირება“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსკეპტიკურ განწყობებზე თბილისის პასუხი კონკრეტული შედეგების დემონსტრირება უნდა იყოს.

ამის შესახებ ზალკალიანმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენი სურვილია, შედეგები, რომელსაც ქვეყანა აღწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ადეკვატურად იყოს აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. [...] ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განცხადებებსა და განწყობებზე, რომლის განვითარებასაც რეგიონში რუსეთი ცდილობს, უნდა იყოს ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული შედეგების დემონსტრირება“, – განაცხადა მინისტრმა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან ურთიერთობის უნიკალური ფორმატები აქვს.

„გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს – უსაფრთხოების დიალოგი და მაღალი დონის დიალოგი.  მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ფორმატებს, რათა ქვეყანა ფუნქციურად მოვამზადოთ და მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს –  წევრობას. მეტი სექტორული ინტეგრაცია, მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში სწორედ იმ მამართულებით სვლას გულისხმობს, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენი სურვილებიც სწორედ აქედან გამომდინარეობდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

ცნობისთვის: დღეს დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მინისტერიალს უძღვებოდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ფედერიკა მოგერინი; ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBღD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი