"მუშავდება კონკრეტული გეგმა, რომ რეგიონში ნატო-ს მხრიდან მეტი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი"

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ პროგრესით მიმდინარეობს პრაქტიკული თანამშრომლობის ის მექანიზმი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-სთან და მოიცავს გარკვეულ ინიციატივებს.

„დღეს უკვე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, რომელიც მოიცავს უფრო ყოვლისმომცველ სპექტრს თანამშრომლობისა, განსაკუთრებით ერთობლივ სწავლებების კომპონენტს, მათ შორის ახალ ელემენტებს, როგორიც არის საზღვაო, ამფიბიური, კიბერუსაფრთხოების ჩართულობა და ინტეგრირება ერთობლივ სწავლებებში. ჩვენ უფრო მეტი ნატო-თი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე სანდო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია.

ამ მიზნით, კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომ მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ერთად ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებისა და მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით იყოს ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ მეტი ნატო იყოს რეგიონში წარმოდგენილი, რათა საქართველოსთან ერთად, ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონში იყოს მეტი უსაფრთხოება ნატო-ს მხრიდან უზრუნველყოფილი. ასე რომ, კონკრეტული გეგმის ნაწილია ის, რომ ჩვენ გვექნება ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, ჩვენი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში“, – განაცხადა, საზმაუს ცნობით, ლევან იზორიამ.

კითხვაზე, როდის იქნება ნატო-სგან ოფიციალური დასტური ახალ პროგრამაზე, რომელსაც პირობითად ნატო-საქართველოს მზადყოფნის პროგრამა შეიძლება ეწოდოს, ოქტომბერში ხომ არა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოვა საქართველოში, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „ეს უკვე ნატო-ს ხელმძღვანელი პირების პრეროგატივაა, როდის მოახდენენ ამის ოფიციალურ გაცხადებას“.

„როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები არის ძალიან წარმატებული, რაც გვაძლევს მყარ საშუალებას, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში იყოს გაფართოებული. თუმცა, რა ფორმას მიიღებს ის და რა იქნება კონკრეტული პროგრამა პრაქტიკული თანამშრომლობის, ამას თვითონ ნატო გააცხადებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ