როგორ დაკარგა „რუსოფობ“ საქართველოში პროპაგანდისტული რეპორტაჟისთვის მოვლენილმა ჟურნალისტმა იმედი, სახლში ნაცემი წასულიყო

რუსეთის ერთ–ერთი ცენტრალური გამოცემის – „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი ვლადიმირ ვორსობინი საქართველოდან სამშობლოში საღ–სალამათი დაბრუნდა. ეს მისთვის, მისი კოლეგებისა და ზემდგომებისთვის დიდ იმედგაცრუებად იქცა: ის ხომ საქართველოში „რუსოფობიური“ განწყობების მტკიცებულებების მოსაპოვებლად იყო მოვლენილი და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. რუსი ჟურნალისტი ესაუბრა რიგით მოქალაქეებსაც, რუს ტურისტებსაც, ბარ–რესტორნებისა და ოტელების მფლობელებსაც, საქართველოს მთავარ პრორუს ლადო ბედუკაძესაც,  „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებსაც და რუსოფობიას ვერსად მიაკვლია. როგორც თავად აღნიშნავს, ყველგან დაახლოებით ერთსა და იმავე პასუხს სცემდნენ: „რუსები გვიყვარდით და გვიყვარხართ, მაგრამ ოკუპანტები ხართო“.

„აქცენტი“ ვორსობინის რეპორტაჟიდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

ბედუკაძე საქართველოში ყველას მიავიწყდა"

ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ოდესღაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კარიერა დაასამარა, მიბრაზდებოდა, „საფერავს“ რომ არ ვსვამდი.

- რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა იყოს! ჩვენი მომავალი კავშირისა! – მოფერებით მეუბნება ვლადიმერ ბედუკაძე და ჭიქას მაწვდის.

- სამსახურებრივი მოვალეობა მაქვს შესასრულებელი, მიტინგზე ვარ წასასვლელი! – ვპასუხობ. 


მიტინგზე ყოველდღე დავდიოდი და ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები იმედი მრჩებოდა იმისა, რომ სამშობლოში ნაცემი დავბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, კეთილი საქართველოსგან თვალში მუშტის მიღების დიდი სურვილი არ მქონდა, მაგრამ რუსეთში კოლეგები აზარტულად ელოდნენ ჩემს ფიზიონომიაზე ქართული რუსოფობიის კვალის გაჩენას. ცოტა საწყენიც კი იყო გარშემომყოფთა მხრიდან ჩემი სრული იგნორირება: არც სიხარულს გამოხატავდნენ, არც სიძულვილს, ხანდახან უბრალოდ გაკვირვებულები მიყურებდნენ – შენ რაღა გინდა აქო...   

- უბრალოდ ჯერ ვერ მომწიფდნენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა..., – განმიმარტა მიტინგებზე ჩემი რუსული ფიზიონომიის იგნორირება ბედუკაძემ.

ციხის ლეგენდარული თანამშრომელი, რომლის მიერ გადაღებულმა ვიდეომ თავის დროზე მიშიკოს თითქოს დაუძლეველი რეჟიმი დაამსხვრია, დღეს საქართველოში აღარავის ახსოვს. იგი ქვეყნის ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად იქცა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების განთავსების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მისი პარტია „ცენტრისტები“ არჩევნებიდან მაშინვე მოხსნეს. ეს დასანანია: ვლადიმერი ხომ მზადაა, შეუჩერებლად იმეოროს რუსული გულისთვის ესოდენ სასიამოვნო სიტყვები, რომ "დეპუტატ გავრილოვზე თავდასხმა ვაშინგტონის დაკვეთა იყო", რომ "რამდენიმე დღით ადრე საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შესაბამისი ინსტრუქტაჟისთვის იყვნენ ჩამოსულები" და რომ "პუტინი სრულიად სამართლიანია საქართველოსთვის დაწესებულ ახალ სანქციებში"...

– ანუ, რუს ტურისტებს მართლაც რაიმე ემუქრებათ? – ვეკითხები ბედუკაძეს.

ღრმად ფიქრდება. ეტყობა, რომ მასში ველიკოროსი ქართველს ებრძვის. იმარჯვებს ორივე.

– არა, რა თქმა უნდა, აქ რუსს არავინ შეეხება, მაგრამ...

(აქ პარადოქსულ გადასვლას აკეთებს)

– პუტინის ადგილზე რომ ვიყო, ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს!

– ასე ერთბაშად? და რატომ?

– იმიტომ, რომ პუტინი საკუთარ ხალხს იცავს და ისინი ასე უნდა დაიცვას! 

ბედუკაძე თვლის, რომ ქართველების 80% მთელი გულით რუსეთისკენაა და ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლის, ტერიტორიული საკითხია. 

– მაგრამ ქართველები ხომ ხმას სააკაშვილის „ნაციონალებს“ აძლევენ, პროამერიკელ პრეზიდენტებს, პროევროპელ „მეოცნებეებს“... 

– ამას ყველაფერს დასავლეთის მიერ კონტროლირებადი ცსკ „გვიხატავს“, ხალხი ერთს აძლევს ხმას, ისინი კი სხვას მიაწერენ...

– მაგრამ მაშინ სააკაშვილმა არჩევნები როგორ წააგო?

– მასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა და უბრძანა, არჩევნების შედეგები სამართლიანად ჩაეთვალა.

«КУКУРУЗА ГОРЯЧАЯ!»

ეჭვები მაშინ დამეწყო, როდესაც ბათუმში ჩავფრინდი, რომელიც წესით, მთლიანად რუსეთის მოკავშირეებით უნდა იყოს დასახლებული: ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ რუს ტურისტს რაიმე შეუყვარდა, სასწრაფოდ იწყებს მის რუსიფიცირებას. 

და აქ ყველაფერი რუსულია: სიმღერები, მენიუ, ბანერები. სანაპიროზე გამყიდველებიც კი რუსულად გაჰყვირიან «КУКУРУЗА ГОРЯЧАЯ!»... პლაჟებიც მთლიანად რუსების მიერაა ოკუპირებული და რუსულის გარდა, სხვა ენას იშვიათად მოისმენ.   

რუსი ტურისტი აქ იმდენია, რომ თუ ბათუმიდან ქართველების მაწყევარ რუსულ ინტერნეტში შეხვალთ, გაურკვევლობაში აღმოჩნდებით: მოიცადეთ, მოსკოვიდან ხომ ოფიციალურად „რუსოფობიის“ საფრთხე და ევაკუაციაა გამოცხადებული?, მაშ რას აკეთებს ეს მოდუნებული ხალხი პლაჟზე? – მათ რა, არ იციან, რომ  მათი სამშობლო შეურაცხჰყვეს? და რატომ აქვს, მაგალითად, „აეროფლოტს“ ხვალისათვის უამრავი იაფი ბილეთი, თითქოს რუსეთში დაბრუნებას არავინ გეგმავდეს?


– პირველ დღეს ყველაზე ნერვიული რუსი ტურისტები წავიდნენ, ვიფიქრეთ, დაიწყო და ეგაა, თუმცა რამდენიმე დღეში მათ ნაცვლად რუსეთიდან სხვები ჩამოვიდნენ... [...], - მიყვება ერთ-ერთი ოტელის ადმინისტრატორი 

– თქვენ, რუსები, ბათუმიდან არასოდეს წახვალთ: პოლიტიკა ერთია, მაგრამ თუ რუს ადამიანს ფული უჩნდება, აუცილებლად გააქვს იგი ქვეყნიდან და რაიმეში დებს. ხოლო თუ სოჭში ზღვიდან პირველ ხაზზე ბინა 150 000 დოლარი ღირს, აქ 50 000–ია. ამას ემატება დაბალი გადასახადები და დახურული ინფორმაცია საკუთრების თაობაზე, - ღიმილით მიყვება ერთ–ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიის მენეჯერი გიორგი.

– დახურული? –ვეკითხები.

–აბსოლუტურად! ეს ხომ ინვესტიციაა ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფოს ინფორმაციის განსაჯაროება არ აწყობს, ასე, რომ WELCOME და ნურაფრის შეგეშინდებათ!

იყიდე ბინა და გინდა – იცხოვრე, გინდა - ფირმა გაგიქირავებს. არ არსებობს ქონების გადასახადი. 9%–ს ფირმას უხდი მომსახურებისთვის, შემოსავლის 5%-ს - სახელმწიფოს, კიდევ 50$-ს - კომუნალურების სახით, ყველაფერი დანარჩენი კი შენ გრჩება. წელიწადში საშუალოდ 7000-დოლარიან შემოსავალს გპირდებიან და ბინაში ჩადებული თანხის 7 წელიწადში ამოღებას.


–WELCOME? მაგრამ თბილისში რომ აქციები მიმდინარეობს?

–უიმე, ეს ხომ პოლიტიკაა და მეტი არაფერი!  

გიორგის კაფე „გარდენსიც“ შევახსენე...

– ღმერთო ჩემო, თქვენამდეც მოაღწია?! სისულელე ქნეს და მეტი არაფერიო! - ამბობს.

გიორგის არ ვენდობი და „ქართული რუსოფობიის“ ფაქტების აღმოსაჩენად ამ კაფეში თავად მივდივარ.

თუ ტურისტულ ბლოგებს გადახედავთ, „გარდენსი“ ბოლო დრომდე ერთ–ერთ ყელაზე პოპულარულ კაფედ ითვლებოდა ბათუმში, სანამ მისმა ხელმძღვანელობამ არ გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებით 20%–იან გადასახადს აწესებდა და რომ მათი დაწესებულება ერთადერთი კაფე ხდებოდა ბათუმში, რომელშიც რუსული მენიუ აღარასოდეს იქნებოდა, რუსული ტურისტული ბლოგების კომენტატორებმა კი იმის წერაც დაიწყეს, „გარდენსის" რუს კლიენტებს სალათებში უფურთხებენო“.  

შევდივარ „რუსოფობიის ბუნაგში“. არავინაა. მხოლოდ სამი ოფიციანტი, - სამივე, სამწუხაროდ, მამაკაცი, თანაც "მოხეული".

– რუსული მენიუ, თუ შეიძლება, – მივმართავ მათ და შინაგანად კომფლიქტისთვის ვემზადები.

რუსულად მეუბნებიან უარს, თანაც საეჭვოდ გულთბილად.

გადავდივარ კონფლიქტის ესკალაციაზე და ვითხოვ რუსულ „ოკროშკას“.

მოაქვთ „ოკროშკა“.


ვითხოვ ანგარიშს.

მოაქვთ 20%–იანი დანამატის გარეშე.

–კი, მაგრამ რუსი ვარ!

–მესმის, მაგრამ არავის გამოვართმევ 20%–იან დანამატს!....

„გვიყვარხართ, მაგრამ მაინც ოკუპანტები ხართ“  

აჭარის პარლამენტის დეპუტატი მერაბ ბლადაძე ახლა პარტიის „პატრიოტთა ალიანსი“ წევრია – საქართველოს ერთადერთი საპარლამენტი პარტიისა, რომელიც პირობითად პრორუსულად ითვლება. ანუ, თუ ბათუმში რუსეთის მოყვარული ქართველი არსებობს, სწორედ ბლადაძე უნდა იყოს.

–ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ამ დღეებში მოსკოვში აპირებდა წასვლას. 

–რისთვის? 

–უნდა შევხვედროდით აფხაზურ და ოსურ დელეგაციებს.

–?!

–იმათ არ სურდათ, მაგრამ მოსკოვიდან „წაუნაჟიმეს“...

ახლა, რა თქმა უნდა, ვიზიტი გააუქმეს. 

იმ მომენტში, როცა მეგონა, რომ როგორც იქნა, მივაგენი პრორუს პოლიტიკოსს, მერაბმა მოულოდნელად მომახალა:

–ჩვენი უნიათო მთავრობა, რა თქმა უნდა, დამნაშავეა თქვენს დეპუტატ გავრილოვთან სკანდალში. თუმცა ადამიანები თბილისში მიტინგზე სრულიად სამართლიანად გავიდნენ. ჩვენ ჩვენს ტერიტორიებზე უარს არასოდეს ვიტყვით და დიახაც, რუსეთი ოკუპანტია...

სხვათა შორის, იგივე მითხრეს უძრავი ქონებით ვაჭრობის აგენტებმაც, ოფიციანტებმაც, ადგილობრივმა რუსმა ბლოგერმაც კი და ჩემმა უახლოესმა ქართველმა მეგობრებმაც...

საქართველოს დატოვებისას რატომღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ამ ქვეყანას ვემშვიდობოდი, - ვერ გეტყვით, რატომ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო