რა „მძიმე სცენარი“ აარიდეს სახელმწიფოს: შს მინისტრის ვერსია

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკოსების მხრიდან შეინიშნებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა „მძიმე სცენარის“ არიდებაზე საუბრობენ ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი გუნდის წევრები, როდესაც 20–21 ივნისის მოვლენებს იხსენებენ.  

„ამ ყველაფრის დაგეგმვის პროცესი ასევე პირდაპირ ეთერში ჩანდა, მოწოდებებს ვინ ახორციელებდნენ ესეც ჩანდა. იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სხვადასხვა სიტყვებით. ამ სიტყვებში აშკარად ჩანდა მცდელობა, როგორმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების: ხელაწეული მშვიდობიანად შევიჭრებით პარლამენტში. ჩვენ ერთ საათში თუ არ მოხდება ეს გავაკეთებთ ამას. რასაც შემდგომ კონკრეტული ქმედება მოჰყვებოდა. ეს ხომ არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო მშვიდობიანი აქცია 10 საათამდე. ადამიანები კონკრეტულად პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არშესრულების პირობებში ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმა ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შესვლის მიზნით“,– განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების ხელწერაა, რომ შტურმის დროს სახლმწიფო ინსტიტუტებს დაიცავს. 

„შტურმებით ხელისუფლების დაკავების მცდელობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და სამართალდამცავი უწყება ამისთვის კიდევ იფრო უკეთ უნდა იყოს მზად, ამისთვის არსებობს არჩევნები“,– განაცხადა მინისტრმა. 

ამასთან მინისტრმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა: 

„ფაქტია, რომ ქვეყანაში გვყავს გარკვეული პოლიტიკური ძალები ან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი სახის დაძაბულობა ეცადონ და გადააქციონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან პირდაპირ ფიზიკური დაპირისპირების კომპონენტად. ეს ფაქტია და ეს გვიჩვენა ამ დღემაც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყოთ პოლიტიკური პროცესი და ის, რაც კონსტიტუციურ ფარგლებს სცდება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - ეს არის სახელმწიფოსა და პოლიციის პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი, რაც სცდება კონსტიტუციის ფარგლებს და იღებს ძალადობრივ ფორმას, სახეს, მას დაერქვას შესაბამისი სახელი და ყველამ იცოდეს, სამართალდამცავ სისტემას აქვს ვალდებულება, აღკვეთოს რა ზომაც არ უნდა დასჭირდეს, მსგავსი საქციელი და პოლიტიკური პროცესი მოაქციოს კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულებით თავისი მოქალაქეების მიმართ.

სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად გავცეთ პასუხი არსებულ მწვავე შეკითხვებს. თუ სისტემური სახის გადაცდომები იყო, ავიღოთ ჩვენს თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ასევე, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ იმ ხალხს, ვინც დააპროვოცირა და შემდგომ უკვე კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებში გადაიყვანა ეს სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილა სოციალური“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp