"პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში"

პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოყენებული არ იქნებოდა, რადგან ეს "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის.


როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, აღნიშნული მეთოდების გამოყენება მათი ხელწერა არ არის.


"პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში. მას, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა ასეთი სურვილი და რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელწერა, მაგრამ, როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე და კონკრეტულ ადამიანებზე შტურმის სახით, მათ სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ, მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ვალდებულებაა, დაიცვან როგორც თავისი, ასევე კოლეგისა და მოქალაქის სიცოცხლე“, - განაცხადა შს მინისტრმა.


ამასთან, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ხელწერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა. "ჩვენი ხელწერა არის შტურმის და შეტევის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. იქ თუ სადმე რაღაცას გადავაჭარბეთ და გადავამეტეთ, ჩვენი ხელწერა უნდა იყოს ამაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და პასუხისგება. სხვანაირად ჩვენ სამართლებრივ და ჯანსაღ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. სხვანაირად, ჩვენ ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ვსაუბრობ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლის პირობებშიც ჯალათს თუ სისხლისმსმელს დამიძახებენ, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. მინდა ამაში დაგარწმუნოთ, ისევე როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ სავარძელში ვიჯდები თუ არა."- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp