კრემლის მორიგი სანქცია: სოხუმმა თბილისს დე ფაქტო საზღვარი ჩაუკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე, ენგურის ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად სოხუმი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „მასობრივ პროვოკაციულ პროტესტს“ ასახელებს. 

„იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში იმართება პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას შეეხება, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ შემუშავდა და რეალიზდება რეაგირების აუცილებელი ზომების კომპლექსი. მათ შორის ერთ–ერთი ზომა საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დროებითი შეზღუდვაა“, – ნათქვამია აფხაზური უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დე ფაქტო უწყებაში განმარტავენ, შეზღუდვა შეეხება გადაადგილებას როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე აფხაზეთიდან საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით. 

ცნობისთვის: უმთავრესად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის მოსახლეობისთვის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიასთან წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.  ვაჭრობის, აუცილებელი საქონლისა და პროდუქტების შეძენის საჭიროების გარდა, გალელები დე ფაქტო საზღვარს აქეთ ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების მისაღებად, ასევე სამედიცინო საჭიროებებისთვის გადმოდიოდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.

„აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ცალსახად, განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp