BBC: „მოსკოვის მტკიცებით, საქართველო უსაფრთხო არ არის, თუმცა საქართველოში მყოფი რუსები საპირისპიროს ამტკიცებენ“

BBC საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოსკოვის მტკიცებით, საქართველო უსაფრთხო არ არის, თუმცა საქართველოში მყოფი რუსები საპირისპიროს ამტკიცებენ“.

როგორც გამოცემა წერს, მოსკოვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსეთის მოქალქეებს სამშობლოში დაბრუნების რეკომენდაციით მიმართა, რადგან კრემლის მტკიცებით, საქართველოში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. თუმცა საქართველოში მყოფ რუსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

„ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას, საკუთარი აზრი გაგვაჩნია“, – ციტირებს გამოცემა  საქართველოში მყოფ ერთ-ერთ რუს ტურისტს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ BBC –სთან საუბრისას არც ერთ რუს რესპონდენტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს. 

„რიგითი რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის, პირიქით, ხალხი ძალიან მეგობრულია და ჩემს შვილს საჩუქრებს ჩუქნიან“, – აცხადებს კიდევ ერთი რუსი ტურისტი.

BBC –სთან ინტერვიუში რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვით ხალხს პრობლემა შეექმნა, თუმცა რუსეთიდან საქართველოში მაინც ჩამოვლენ მინსკის და ანკარის გავლით.

„სახელმწიფო გაფრთხილებს, რომ საქართველოში თქვენს უსაფრთხოებას ვერავინ უზრუნველყოფს. არ შეიძლება, გაცვალოთ თქვენი ღირსება თბილისში ჩასვლისას ერთ ბოთლ უფასო ღვინოზე“, – ციტირებს გამოცემა  ტელეწამყვან ოლგა სკაბეევას სიტყვებს. აქვე აღნიშნულია, რომ რუსი ჟურნალისტი „უფრო შორს წავიდა“ და საფრთხის შესახებ ამცნო რუს მოქალაქეებს, როდესაც განაცხადა: „საქართველოში რუსებს კლავენ“.

ამასთან, BBC მკითხველს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწყებულ კამპანიაზე #spendyoursummeringeorgia უყვება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp