სტრასბურგმა ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებულის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს პასუხისმგებლობა დაადგინა

ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს პასუხისმგებლობა დაადგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" ცვლელად გთავაზობთ:

"2019 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევა დაადგინა, ვინაიდან მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.

საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივანი, ნიკოლოზ გოგუაძე 24 კაცთან ერთად, 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დაკავებულები ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მომჩივნის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურის ოფისმა გამოძიება 2011 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2016 წელს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა, რომელიც დღემდე აგრძელებს ამ საქმის გამოძიებას.

წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ საქმეში არსებული ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 26-27 მაისს მომჩივანმა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო მრავალი სახის დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომელიც მას დაკავებამდე არ ჰქონდა. ამასთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო, წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფომ წარმოადგინა კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ პროკურორის დადგენილება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების ფაქტზე.

მოცემულ საქმეში ასევე, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, გამოძიება, რომელიც 2011 წლის ივნისში დაიწყო, თითქმის 8 წლის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება რამდენიმე წლიანი სრული უმოქმედობით ხასიათდებოდა. კერძოდ, გამოძიების დაწყებიდან თითქმის 18 თვის განმავლობაში ერთადერთი მოქმედება, რაც საგამოძიებო ორგანოებმა განახორციელეს, მომჩივნის დაკითხვა იყო. 2012 წლის დეკემბერში საგამოძიებო ორგანოებმა განაახლეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაკითხეს მოწმეები და მომჩივანი. აღნიშნული ინტენსიური ფაზა 2013 წლის აპრილში დასრულდა და სამი წლის განმავლობაში, 2016 წლის მაისამდე, საგამოძიებო ორგანოები კვლავ უმოქმედოდ იყვნენ. 2016 წლის მაისში საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავ გაგრძელდა უმოქმედობის პერიოდი შემდეგი 1 წლის განმავლობაში. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რით იყო გამოწვეული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აღნიშნული უმოქმედობა.

სასამართლომ ასევე, ხაზი გაუსვა გამოძიების ფარგლებში დაშვებულ შემდეგ ხარვეზებს:


- საგამოძიებო ორგანოებს არ ჩაუტარებიათ მომჩივნის სამედიცინო ექსპერტიზა მიუხედავად იმისა, რომ დაკავების შემდეგ მას სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა;

- საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ მომხდარა იმ სპეცდანიშნულების ნაწილის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკავების სპეცოპერაცია განახორციელა, შესაბამისად, ყინწვისის სპეცოპერაციაში მონაწილე ერთი ოფიცერიც კი არ დაკითხულა;

- მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ისე, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ამ დრომდე ერთი პირის პასუხისმგებლობაც არ გამოკვეთილა.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიყენებული მორალური ზიანისთვის მომჩივნის სასარგებლოდ 10000 ევროს გადახდა დააკისრა.

საია აქტიურად დააკვირდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესასრულებლად გატარებულ ზომებს".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp