გიორგი გოგია: "კონკრეტული შემთხვევები არ ნიშნავს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული”

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, ძალის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური შეიძლება ყოფილიყო, არ ნიშნავს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული:

“უკვე მერამდენედ მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ თითქოს ყველა თანხმდება იმაზე, რომ 20 ივნისის ღამეს ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული. ეს მცდარი მოსაზრებაა. არ არსებობს ძალის გამოყენების რაღაც ბლანკეტური ლეგიტიმაცია. ის ფაქტი, რომ რაღაც გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის გამოყენება ლეგიტიმური შეიძლება ყოფილიყო, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ღამის განმავლობაში ძალა ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული”,- ამბობს გოგია.

მისი თქმით, ძალის ლეგიტიმურ გამოყენებას თავისი სტანდარტი აქვს და რეზინის ტყვიის გამოყენებას გარკვეულ გარემოებაში შეიძლება ადამიანის სიკვდილი ან მძიმე დაზიანება მოჰყვეს. Human Rights Watch-ის წარმომადგენლის თქმით, ამ გარემოებიდან გამომდინარე, პრაქტიკული მიზნებისთვის ის განიხილება როგორც ცეცხლსასროლი იარაღი:

“უფრო მეტიც, ძალის ლეგიტიმურ გამოყენებასაც აქვს თავისი სტანდარტები, თუნდაც ადეკვატური გაფრთხილების აუცილებლობა, ძალის პროპორციულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთიც, იქიდან გამომდინარე, რომ რეზინის ტყვიის გამოყენებას გარკვეულ გარემოებაში შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან მძიმე დაზიანება, პრაქტიკული მიზნებისთვის ის განიხილება როგორც ცეცხლსასროლი იარაღი და სამართალდამცავთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გაეროს მინიმალური სტანდარტები უნდა იქნას დაცული.

სტანდარტების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნითაა დასაშვები ან იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლის ან მძიმე დაზიანების მყისიერი და რეალური საფრთხე. აღარაფერს ვიტყვი ძალის გამოყენების თანდათანობითი ესკალაციის სტანდარტებზე, რომელიც აგრეთვე იქნა დარღვეული. ჰოდა, რა ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე გველაპარაკება პრემიერი 20 ივნისის ღამეს?” – წერს გიორგი გოგია საკუთარ Facebook გვერდზე.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, შსს–მ დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა და ამას ყველა პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციაადასტურებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მოსკოვი თბილისისგან საპასუხო ნაბიჯებს ითხოვს