საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობის, მენეჯმენტის სრულყოფის, ეკოტურიზმის განვითარების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. პროექტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის KFW-ს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება.

დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს, კლაუს ფაიგელს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე.

„საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაცვა და განვითარება. ამ მხრივ, ქვეყანას  დიდი პოტენციალი გააჩნია და ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობით, შედეგიც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კლაუს ფაიგელმა შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი KFW მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მზადაა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)