“აღარავინ იღწვის იმპერიისკენ”: რუსულ-ქართული კრიზისის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები

რუსულ იუთუბ-არხ “ღირსების კულტურის” მორიგი გამოშვების სტუმარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად ეკონომისტი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ივან სტარიკოვი გახლდათ. წამყვანი მას დღევანდელ რუსეთზე, სამეზობლოსთან რუსეთის ურთიერთობებზე, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი კრიზისის მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

“აქცენტი” სტარიკოვის მოსაზრებების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

რატომ აღარავინ იღწვის რუსეთისკენ

“რასაც დღეს რუსეთი საქართველოს მიმართ აკეთებს და რაც თავად რუსეთის თავს ხდება, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხაროა. კრემლს აღარ დარჩა მსოფლიოში მეგობრები, ნიკარაგუას, ვანუატუს და ერთი-ორი სხვა, რბილად რომ ვთქვათ, ეგზოტიკური მოკავშირის გარდა. უახლოესი სამეზობლო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა ან ჩვენს ოპონენტებადაა ქცეული (რომ არ ვთქვათ მტრებად), ან, ყაზახეთის მსგავსად, ვიზუალურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა რეალურად, ნელა, მაგრამ სისტემურად ტოვებს რუსულ ორბიტას.

ეს ყველაფერი, რეალურად, გამოწვეულია ერთი მარტივი მიზეზით: იმისათვის, რომ შენკენ, როგორც იმპერიისკენ ისწრაფვოდნენ, აუცილებელია, იყო მიმზიდველი. რუსეთი კი სადღეისოდ არ აჩვენებს არანაირ პროგრესს, განვითარებას, პოზიტიური არაფერი მოეპოვება მეზობლებისთვის შესათავაზებლად – არც დეფექტური პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სასამართლო სისტემები, არც სრულიად მართული პარლამენტი და მედია, არც სხვა რომელიმე მიმართულება. ცხადია და ბუნებრივი, რომ ჩვენი სამეზობლო, რომელსაც მსგავსი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი ვერ მიიზიდავს, ორიენტირს იღებს დასავლეთზე.

ბოლო რუსულ-ქართული კრიზისის ლოკალური მიზეზები

ობიექტურები რომ ვიყოთ, კრიზისში, რომელსაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, თავისი წილი პასუხისმგებლობა  ქართულ მხარეს, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებასაც ეკისრება: თავადაც სახელმწიფო სათათბიროს  ყოფილი დეპუტატი გახლავართ და მშვენივრად ვიცი. როგორ ხდება უცხოელი პარლამენტარების დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება, მით უფრო, როცა საუბარია საერთაშორისო ასამბლეებზე, ამ შემთხვევაში – მართლმადიდებელი სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეაზე (სხვა საკითხია, რომ “მართლმადიდებელი კომუნისტი” [ხსენებული ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი კომუნისტი პარლამენტარი გავრილოვი, რომლის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას 20 მაისს თბილისში მღელვარება მოჰყვა – რედ.] – ეს იგიევა, რაც ცხელი ნაყინი, მხიარული სევდა, ბოროტი სიკეთე და ა.შ.). დარწმუნებული ვარ, არსებობდა ოფიციალური მიწვევა საქართველოს პარლამენტის მხრიდან, - ამის გარეშე ბ-ნი გავრილოვი ვერც პარლამენტის შენობაში მოხვდებოდა, ვერც მით უფრო სპიკერატში და ბოლოს სპიკერის სავარძელში. რუსულ დელეგაციაში, მის გარდა, სხვა დეპუტატებიც იყვნენ, მათ შორის - ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრებიც….რა თქმა უნდა, მიმღები მხარე უნდა დაინტერესებულიყო, გაერკვია, ვის იწვევდა და განესაზღვრა (რაც არ იყო რთული!), რა რეაქცია შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ამას ქართული საზოგადოების მხრიდან…

სამწუხაროდ, ეს არ გაკეთებულა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების სიბეცემ დიდწილად მოახდინა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება როგორც თავად საქართველოში, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

კრემლის რეაქციის შეფასება – ქვეყნის იმიჯის კონტექსტში

რუსეთის ხელისუფლება 20 ივლისიდან თბილისში მიმდინარე მოვლენებს ერთგვარი იუმორითაც კი უნდა მისდგომოდა, მით უფრო, რომ მალევე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი არა რუსების, არამედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ამ ოკუპაციის მხარდამჭერების და საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებლაც გავრილოვისა და მისი თანამოაზრების საქართველოს პარლამენტში ვიზიტი დაუშვეს. მოსკოვი სხვაგვარად მოიქცა და ეს მისი შეცდომაა.

მეორე შეცდომა მას შემდეგ დავუშვით, რაც გავრილოვის ეპოპეაზე პასუხისმგებელი ქართველი ჩინოსნები, კერძოდ,  დეპუტატი ქუცნაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე გადადგნენ, ჩვენ კი რა ვქენით? - ვითარების ესკალაცია დავიწყეთ, რაც მდაბიური გადაწყვეტილებაა რუსეთისთვის, თუკი თავს დიად დერჟავად თვლის.

კრემლის რეაქციის შეფასება – პრაგმატული თვალსაზრისით

წმინდა  პრაგმატული თვალსაზრისითაც რომ შევაფასოთ კრემლის ახალი სანქციები, რაღა თქმა უნდა, საქართველოსკენ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართულ ტურისტულ ბიზნესს, არაერთ კარგ ტურისტულ კომპანიას ალბათ, გააბანკროტებს კიდეც. თუმცა ეს არანაკლებად დაარტყამს რუსულ საავიაციო თუ ტურისტულ ბიზნესსაც.

აგერ, გადავხედე უკანასკნელ სტატისტიკას და ჩვენმა ტურისტულმა გადამზიდავებმა პირველი კვარტლის  შედეგებით რეკორდული ზარალი – 45 მლრდ რუბლი აჩვენეს, ხოლო საქართველოსკენ ავიაბილეთების მასობრივი დაბრუნება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, თანაც ძალზე მნიშვნელოვნად.

იგივე ბედი ელით რუსულ ტურისტულ კომპანიებსაც, რომელთაც თანხების დაბრუნების გარდა, შესაძლოა, კლიენტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციების გადახდაც მოუწიოთ.

ესეც რომ არა, თავად რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისედაც არცთუ ძლიერ სიყვარულს ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში კიდევ უფრო შეამცირებს, რადგან მათ უმეტესობას მშვენივრად ესმის, რომ ხელისუფლებამ დასვენება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით, საქართველოს დასასჯელად გაუფუჭა.

და მთლად სამარცხვინოდ დააგდებს ეს ისტორია [ქართული ღვინის ხარისხში მორიგი “დაეჭვება” - რედ.] “როსპოტრებნდორის” ისედაც შერყეულ იმიჯს. უკვე მერამდენედ, ყველას თვალწინ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს პოლიტიკური მიზნებისთვის, კერძოდ, სხვა ქვეყნების მიმართ შურისძიებისთვის იყენებენ. ეს მისი სახელისა და რენომეს სრულ დევალვაციას ნიშნავს. უეცარი დაეჭვება ქართული ღვინის ხარისხში ყოველივე ზემოთთქმულისა და იმის ფონზე, რომ რუსეთში რამდენიმე ასეული ტონა პალმის ზეთია შემოტანილი, დიდი პრობლემები გვაქვს რძის პროდუქტების ხარისხის კუთხით და ა.შ., - ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რუსეთის მოქალაქეებიცა და უცხოელი პარტნიორებიც  “როსპოტრებნადზორის” განცხადებებს მომავალში უბრალოდ აღარ ენდონ”.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა