"ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდისთვის გადმოსვლა შეძლო"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდებისთვის გადმოსვლა შეძლო, თუმცა ნაწილს პრობლემები შეექმნა.

ირინა აბულაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს განათლების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ჩვენი ინფორმაციით, ნაწილმა უკვე შეძლო გადმოსვლა, ნახევარი გადმოსულია. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის გამო, მოგეხსენებათ, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების უფლებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს ვერ მოახერხეს გამოცდაზე დარეგისტრირება, მაგრამ შეძლებენ ამას ზოგადი უნარების ან სხვა გამოცდების ფარგლებში, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გამოცდებში“, – განაცხადა ირინა აბულაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე, ენგურის ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სოხუმი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „მასობრივ პროვოკაციულ პროტესტს“ ასახელებს. 

ცნობისთვის: დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა