რატომ არ შეფასდა რისკები: "ქვეყანა შტორმში შეგდებულ ნავს ჰგავს"

20 ივნისს პარლამენტში და მის გარეთ განვითარებული მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე შს მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გახარიამ აღიარა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის თანმდევი რისკები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილული არ ყოფილა. საბჭო, რომელიც შექმნის დღიდან მხოლოდ ერთხელ  – პირველ მაისს შეიკრიბა, აღნიშნულ საკითხზე სამსჯელოდ არც რუსი დეპუტატების ვიზიტამდე და არც ვიზიტის შემდეგ შეკრებილა.   

“ის, რაც თავიდან ბრძანეთ, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება, რა თქმა უნდა, ჩვენს შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის, უსაფრთხოების საბჭოსაც. თუმცა ეს არ იყო გაანალიზებული და განხილული… ამ ჭრილში, სამწუხაროდ, ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია, რომ იყოს შეცდომა ან არასაკმარისი ანალიზი, მაგრამ ეს არის ფაქტი”, – აღნიშნა 27 ივნისს მინისტრმა.

მინისტრმა ისიც თქვა, რომ როგორც გავრილოვის ვიზიტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები სპეციალურმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, „განსაკუთრებით მას შემდგომ, რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებასო“. შს მინისტრის მიერ 20 ივნისს, საღამოს, აქციის დაშლამდე გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რუსული დელეგაციის წევრები შსს–ს მხოლოდ ზედაპირულად ჰყავდა შესწავლილი. კერძოდ, სავარაუდოდ, სპეციალურ ბაზაში გადამოწმდა, ჰქონდათ თუ არა მათ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დარღვეული. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ რუსული დელეგაციიდან ძალოვანმა უწყებამ „ორი გვარი ამოაგდო“, დანარჩენებს კი საქართველოს კანონი დარღვეული არ აქვთო.

უნდა აღინიშნოს, რომ გავრილოვის ქმედებით გამოწვეული მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მმართველი გუნდის წევრების ერთ–ერთი მთავარი გზავნილი გავრილოვის მხრიდან შესაძლო პროვოკაცია იყო. კერძოდ, მათი რწმუნებით, არსებობდა შეთანხმება, რომ საზოგადოებას პარლამენტში არა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი არ მიმართავდა, თუმცა რუსმა დეპუტატმა „ყველასთვის მოულოდნელად“ დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, მისი სავარძლიდან აბრძანება კი ოპოზიციას საკმაოდ ხანგრძლივი პროტესტით მოუწია.   უნდა ითქვას ისიც, რომ რუსი დეპუტატების ვიზიტის წინააღმდეგ განცხადებები ჯერ კიდევ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე კეთდებოდა, საპროტესტო აქცია გაიმართა 19 ივნისსაც, როდესაც გავრილოვი ვიზიტით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში იმყოფებოდა და იმავე დღეს არსებობდა ინფორმაცია, რომ რუსი დეპუტატები ვიზიტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გეგმავდნენ. რატომ არ ჩაითვალა საჭიროდ შესაბამისი რისკების გათვლა და ვინაა პასუხისმგებელი მსგავს გადაწყვეტილებებზე, ამ საკითხებზე „აქცენტი“ სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.    

უსაფრთხოების ექსპერტი ბესო  ალადაშვილი:  სურათი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები სათანადოდ ვერ მუშაობენ. საკითხები, რაც უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს, რეალურად არ არის, შესაბამისად, მასზე არც პრევენციულად მუშაობს ვინმე. ქვეყანა აღელვებულ ზღვაში შეცურებულ ნავს ჰგავს, რომელსაც ტალღები აქეთ–იქეთ ახეთქებს. გამიზნული პროგრამა, სტრატეგია არ იგრძნობა. აქ მნიშვნელოვანია როგორც საკადრო პოლიტიკა, ისე ჩვენი სპეცსამსახურების ცუდი მუშაობა.

ფიქრობთ, რომ  საკითხ უსაფრთხოების საბჭოს მიერ განილვას და რისკების შეფასებას იმსახურებდა, მით უფრო, რომ  მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, მგონი სერგეი გავრილოვის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილიო...

სპეცსამსახურების ფუნქციაა, გააანალიზონ სიტუაცია ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და შესაბამისი რეკომენდაციები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადასცენ. ჩვენი სპეცსამსახურები უნდა ისხდნენ და თითოეულ ნიუსს, განცხადებას სწავლობდნენ, რადგან ფონი ჯერ კიდევ ვიზიტამდე არსებობდა, სიტუაციის უკვე იძაბებოდა. სწორედ ესაა ჰიბრიდული ომი. შემდეგ უკვე გავრილოვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა უკვე სკანდალის ფონზე მოხდა და გახდა საბაბი პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისა. გავრილოვის საკითხი თუ უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში არ იყო, გასაგებია, მაგრამ შემდეგ, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, სასწრაფოდ, იმ საღამოსვე უნდა მოწვეულიყო სხდომა და მომხდარიყო სხვადასხვა ვარიანტების განხილვა. უსაფრთხოების საბჭოს მეტი ფუნქცია არ აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა: არ შეიძლება, მსგავს საკოორდინაციო საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა უხელმძღვანელოს, ამ შემთხვევაში შს მინისტრმა – ოპერატიული ხელმძღვანელობა მისია, რომელსაც არ აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება სტრატეგიული კვლევების, სტრატეგიული ოპერატიული მუშაობის. შედეგად იმ სურათს ვიღებთ, რომელიც სახეზეა.

ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?

შეიქმნა სერიოზული სახელისუფლებო კრიზისი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე შედეგით დასრულდა, რადგან სულ მცირე, ორი ადამიანი გვყავს დასახიჩრებული, პოლიციელებიც არიან დაშავებულები. ამ შემთხვევაში ლოგიკური შეკითხვა ისმის – როდესაც რომელიმე უწყებაში, მით უმეტეს, საჯაროში, რაიმე ამოცანა ვერ სრულდება, პასუხისმგებელი ვინ არის? ბუნებრივია, ხელმძღვანელი. ღონისძიება კარგად დაგეგმილი მაშინ იქნებოდა, თუ სულ მცირე, რეზინის ტყვიების გამოყენება არ გახდებოდა საჭირო. ოპერაციის დაწყება, შემდეგ დემონსტრანტების დევნა...მართლაც 2007 წლის ნოემბრის საშინელი დღე გაგვახსენდა. ამდენად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ცალსახად იკვეთება.

უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავთ? ინფორმაციას რომელი უწყება იძიებს და შემდეგ უკვე რისკებს ვინ აფასებს?

კი, ეს სპეცსამსახურების მოვალეობაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ასე არ ვართ განებივრებულები. ყურისძირში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ის არ ვიცით. უშუალოდ დემონსტრანტების დარბევის საკითხზე პასუხისმგებლობა შსს–ს ეკისრება.

გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ 19–20 ივნისის მოვლენებზე, დარბევამდელ პერიოდზე. 20 ივნისის აქცია ხომ უშუალოდ პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამოძახილი იყო...

ამაზე პასუხისმგებელი უპირველესად, პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, რადგან სპეცსამსახურების მუშაობა ორი ძირითადი გზით ხორციელდება: დავალებით და ინიციატივით. კერძოდ,  პოლიტიკური ხელმძღვანელობა სპეცსამსახურს აძლევს დავალებას, ამა და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რისკების გათვლა, მოდელირება და ა.შ. ; მეორე შემთხვევაში კი სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა საკუთარი ინიციატივით თვლის რისკებს და ოპერატიულ ინფორმაციას აწვდის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ყველა ქვეყანაში ასეა.

ანუ ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობთ?

რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ არ ვიცით, „სამზარეულოში“ რა ხდებოდა: იყო თუ არა დავალება და თუ არ იყო, სპეცსამსახურების მხრიდან სიტუაციის მოდელირება განხორციელდა თუ არა. მოდელირება ყველა ვარიანტში უნდა მომხდარიყო და შემდეგ მონაცემები პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში ოპერატიულად გადაეგზავნათ. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, კაბინეტში ვინ რა მოამზადა, მაგრამ ფაქტია, აღიარეს, რომ სიტუაცია უსაფრთხოების ჭრილში არ შეფასებულა...

სამწუხაროდ უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ ჩვენთან ინსტიტუტები არ მუშაობენ. ჩვენ არ ვიცით, ვერ მუშაობენ თუ შეგნებულად არ მუშაობენ. აქ სერიოზული კითხვები იბადება, თუმცა ორივეს ერთ შედეგამდე მივყავართ – ქვეყნის უაღრესად რთულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებს სტაბილურობის გარდა რა უნდა მოვთხოვოთ, თუმცა ვეჭვობ, შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება,  ზღვარი ოპოზიციამაც უნდა გაავლოს და არსებული ვითარება არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური ქულებისთვის, წუთიერი გამარჯვებისთვის.  მაგრამ ყველა ქვეყანაშია ასეა. დონალდ ტრამპის „ტვიტებს“ თუ გადაავლებთ თვალს, იფიქრებთ, რომ „დემოკრატები“ ქვეყანაში შეგზავნილი აგენტები არიან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის დავით რაქვიაშვილის შეფასებით, კონკრეტულ კრიზისზე, კონკრეტულ ქმედებასა თუ ბრძანებულებაზე კონცენტრირებით, მთლიან სურათს დავკარგავთ, მთლიანი სურათის დანახვა კი ვითარების ადეკვატური შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია.    

რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ეროზირებული სისტემა გაცილებით ფართო მნიშვნელობის პრობლემების წინაშე გვაყენებს, ვიდრე ერთი უწყების მანდატი:

„პრინციპულია, რომ ჩვენ მიმდინარე მოვლენებს შევხედოთ არა როგორც დღევანდელ კრიზისს, რომელიც სრული სიმშვიდის პირობებში აღმოცენდა, არამედ, როგორც შედეგს გარკვეული პოლიტიკისა, რომელსაც მმართველი პარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მაგალითად, ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი; შეტევები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ; ეროვნული უშიშროების საბჭოს გაურკვეველი არგუმენტებით განადგურება და აშ.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ხელაღებით დამოკიდებულებას მივყავართ შედეგამდე, როდესაც სახელმწიფო ფაქტობრივად მოკლებულია ნდობას, რომელიც ერთადერთი წინაპირობაა სახელმწიფოსა და მოსახლეობის შეთანხმებისა. ვხედავთ, რომ თბილისის ქუჩებში გამოხატული პროტესტი მიმართულია ხელისუფლებისკენ, რადგან მოსახლეობას არ აქვს ნდობა, რომ ხელისუფლება დაიცავს ყველაზე მთავარს – ქვეყნის სუვერენიტეტს“.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარალმენტის წინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა