კადეტთა სამხედრო ლიცეუმს უკრაინელი კადეტები სტუმრობდნენ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო სპორტულ სასწავლებელ -"ზახისტნიკს " შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ლიცეუმს თადარიგის მაიორი ოლეგ ბობროვსკი და კადეტები სტუმრობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მათ ერთი კვირის განმავლობაში გაიარეს ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სამხედრო-საველე სწავლებები.  

"უკრაინელ კადეტებს კურსის დასრულება ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიულოცა და ერთობლივ სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა. პოლკოვნიკმა მათთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სასწავლებელი პროექტში ჩართულობისათვის სერტიფიკატით დააჯილდოვა. 

“მადლობელი ვარ, რომ ქართველ ხალხთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომეცა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ჩვენივე სასწავლებლის -„ზახისტნიკის“ ტიპისაა და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი სწავლებების ჩატარება. სასწავლო პროგრამა ძალიან კარგად იყო შედგენილი, ჩვენმა კადეტებმა გაიარეს ძალიან კარგი მომზადების კურსი, რაც მნიშვნელოვანია მომავალი სამხედროებისათვის. ვაფასებ თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალ დონეს, მადლობა კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თბილი მიღებისათვის“- განაცხადა უკრაინელი კადეტების ხელმძღვანელმა, თადარიგის მაიორმა ოლეგი ბობროვსკიმ. 

“ინტენსიური და დატვირთული სწავლება გვქონდა. ბევრი რამ მივიღე ამ მეცადინეობებისაგან. საუკეთესო კვირა იყო ჩემთვის. შევიძინე მეგობრები, მომწონს საქართველო და მაქვს სურვილი კვლავ ვესტუმრო“- განაცხადა სერგეი გოლუბიევი. 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, რაც გულისხმობს ლიცეუმის მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ერთობლივ სწავლებებს, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)