კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს“, – განცხადება, სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ჩვენმა არტისტებმა ახლა უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს წარმომადგენლებისგან იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც პარლამენტში შეჭრასა და სხვა ქვეყნის სახალხო რჩეულებზე თავდასხმას ცდილობდნენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე მტკიცებით,  "რუსეთში უყვართ ქართველი ხალხი და პატივს სცემენ მას, თუმცა ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებებს პოზიტიურად ვერ აღიქვამენ".

„რუსეთში ვერ აღიქვამენ პოზიტიურად და არ არიან მზად, პოზიტიურად აღიქვან ექსტრემისტების, ნაციონალისტების ქმედებები, მით უმეტეს, თუ ეს აგრესიული ქმედებები მიმართულია ჩვენი პარლამენტარების წინააღმდეგ. ასევე ვერ იქნება პოზიტიურად აღქმული საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან რუსოფობიური სულისკვეთების განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზების ტრაექტორიასთან ჩვენს დაახლოებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp