შსს: "პოლიციელები მას ქვემოთ მდგარ პოლიციელებს გადასცემენ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ აგდებენ სამართალდამცველები ავტოფარეხის სახურავიდან 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეს ძირს, მისი დაკავების ეპიზოდია აღბეჭდილი. 

"კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავებზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს,"- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კითხვაზე, დაიწყო, თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ, უწყება გვპასუხობს, რომ 20-21 ივნისს სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს პროკურატურა ისედაც სწავლობს. 

უწყების ცნობით, ნ.რ. "აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოდ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ". 

შსს-ისვე ინფორმაციით, დაკავებული აქციის მონაწილემ მოგვიანებით სასამართლო დარბაზში ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

Facebook მომხმარებლის ლევან სამადალაშვილის, მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ 21 ივნისის დილას, პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, სამართალდამცველები მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ, შემდეგ კი ჩამოგდებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა