თავისუფალი ზემო ლარსი და გაძვირებული ქართული პროდუქტი - რას ფიქრობენ ვლადიკავკაზში

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ ოსეთზეც აისახა: თუ რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლების უმეტესობა ჩაშლილ შვებულებებსა და ავიარეისების აკრძალვას განიცდის, ჩრდილოეთ ოსეთს საქართველოსთან აქტიური ბიზნეს–ურთიერთობებიც აკავშირებს; ქართული პროდუქტები აქ საკმაოდ მაღალი პოპულარულობით სარგებლობს, ჩურჩხელას, ტყემალს, საწებელს და სახლის ღვინოს ხანდახან ადგილობრივ ქართველებთან ყიდულობენ, მაგრამ ვინაიდან სპეციფიურ ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, ვლადიკავკაზში უკვე დიდი ხნის წინ მოახდინეს პირდაპირი მიწოდებების ორგანიზება. როგორც ადგილობრივი მეწარმეები ყვებიან, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ქართული პროდუქცია გაძვირებულია. გარდა ამისა, ტაქსის ოსმა მძღოლებმა ტარიფები გაზარდეს, – იუწყება ადგილიდან „კავკაზ რეალიის“ კორესპონდენტი.                 

„ბევრმა ჩვენი მისამართით ნეგატიური გამონათქვამების წერა დაიწყო, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენ ვლადიკავკაზიდან ვართ, მაგრამ ხალხს ქართველები ვგონივართ და გვლანძღავენ, თავად ქართველები თბილისში ჩვენს მიმართ ძალიან მეგობრულად არიან განწყობილები. ყოველ შემთხვევაში,  ჯერ–ჯერობით არც ჩვენი და არც სხვა რუსულენოვანი პირების მიმართ ნეგატიურ გამოვლინებებს არ წავწყდომივართ“, – ყვება ერთ–ერთი ვლადიკავკაზური ფირმის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოდან პროდუქტები ჩრდილოეთ ოსეთში შეაქვს. 

ვლადიკავკაზელ მარინა ტუაევას კი, რომელიც საქართველოში ექსკურსიების ორგანიზებითაა დაკავებული, შთაბეჭდილება სტიკერებმა „რუსეთი ოკუპანტია" გაუფუჭა:

„თბილისში ერთ–ერთი ტურის დროს დილით, როცა ავდექით, ჩვენი მანქანის შუშები ამ სტიკეტერებით დაფარული დაგვხვდა. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ყველა ახლომდგომი მანქანა, რომელსაც რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა.  როცა უკმაყოფილება გამოვხატეთ, ადგილობრივებმა ღიმილით გვიპასუხეს, "ეს ხომ სიმართლეაო". სხვა რაიმე ცუდს არ წავწყდომივართ. აქამდეც დავდიოდით საქართველოში, ახლაც ვაგრძელებთ და მომავალშიც ვივლით, რადგან საქართველო და ქართველები გვიყვარს. როგორ არ ვიაროთ? - ეს უბრალოდ შეუძლებელია, იქ ისეთი სილამაზეა, იმდენი ისტორიული ძეგლი, გემრიელი საჭმელი... ძალიან მწყდება გული ამ ყველაფრის გამო და ვიმედოვნებთ, რომ პრობლემა მოიხსნება. ჯერ–ჯერობით კი ნაკადი შემცირებულია და ახლა ბიზნესი რომ არ ჩაგვივარდეს, ვამატებთ დამატებით მიმართულებას სომხეთისკენ“.

თუმცა სომხეთისკენ მიმავალი გზაც საქართველოს გავლით გადის და როგორც მარინა აღნიშნავს, ტურისტების სურვილის შემთხვევაში  მათ საქართველოში ერთი დღით მაინც გააჩერებენ.  

იმაზე, რომ საქართველოს მიმართულებით რუსეთიდან ტურისტული ნაკადი შემცირდა, ზემო ლარსის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე ჩვეული რიგის არარსებობაც მიუთითებს, თუმცა უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა საბოლოოდ შეწყდება, მესაზღვრეები ტურისტული ნაკადის ზრდას ელიან.

„ამ  მომენტისთვის მგზავრთა ნაკადის მიმართულებით გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ვხედავთ. წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ, თუმცა ვფიქრობ, 8 ივლისის შემდეგ ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – ამბობს რუსეთის მხრიდან საკონტროლო–გამშვები პუნქტის ოფიციალური წარმომადგენელი. 

თავად რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ:


„ის, რასაც რუსულ ინეტერნეტ–სივრცეში წერენ და რუსულ ტელეარხებზე გვიჩვენებენ, როგორც წესი, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივართ და პრობლემებს არასოდეს წავწყდომივართ. პოლიტიკოსებმა პრობლემები აგვარონ და ჩვენ, ტურისტები არც საქართველოს მივიჩნევთ მტრად და არც რუსეთს ოკუპანტად, უბრალოდ ორ ქვეყანას შორის გარკვეული გაუგებრობები არსებობს“, – აცხადებენ ვორონეჟელი ტურისტები ანდრეი და ლენა.  

გასულ კვირას ჩრდილოეთ ოსეთში მასშტაბურად აღინიშნა ქართული დღესასწაული. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უმრავლესობა პოლიტიკას ადამიანური ურთიერთობებისგან მიჯნავს, ახლა კი გამიჯნა ბიზნესისა და ტურიზმისგანაც. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"