დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48–ე რაუნდი გაიმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქართული მხარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას აპირებს.

„საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას, რომელიც აქამდეც იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა. ეს გახლავთ გამალებული დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც, დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკითხები დევნილების უსაფრთხო, უპირობო დაბრუნებასა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე.

„ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს თავისი კონკრეტული დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის უფრო ზოგადი საკითხებიც. და მათ შორისაა ჩვენი დევნილების უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე საუბარი. ამიტომ, კომისია აგრძელებს მუშაობას. ეს არის 48-ე რაუნდი, სადაც კიდევ ერთხელ აქტიურად დაისმება ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, საერთო ფონის გამო, რომელიც სადღეისოდაა შექმნილი, კიდევ უფრო გართულებულია მოლაპარაკებები.

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი, ასევე ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, იქნება ძირითადი საკითხები, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, არის ის ჰუმანიტარული ვითარება და იმ საკითხების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. მთავრი თემა ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, არის გადასასვლელების დაკეტვის საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადასასვლელების გახსნას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. 

აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.  

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის წარმომადგენლები და ასევე თანათავმჯდომარეები ეუთო–ს, ევროკავშირის და გაერო–ს მხრიდან. ამასთან, დისკუსიებში ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp