სახალხო დამცველმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები კი, გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად.

გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით, სახალხო დამცველი ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. 

"სახალხო დამცველი ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ბუნებრივია ვერ მოხდება იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.

აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესთან არსებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მოგიწოდებთ მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp