„საფრანგეთიდან საქართველოში 90 ქართველი, მათ შორის ბავშვები გამოაძევეს“

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა კუდავას განცხადებით, 28 ივნისს საფრანგეთიდან საქართველოში  90 ქართველი გამოაძევეს.

როგორც კუდავა სოციალურ ქსელში წერს, „საფრანგეთში 2019 წელს თავშესაფრის მომთხოვნელთა შორის ქართველები „დაწინაურდნენ“.

„5 თვეში 4000 ქართველი „ჩაბარდა“, რაც დიდად უსწრებს თვით სირიელებისა და სუდანელების რაოდენობას. ფრანგული პრესის შეფასებით ეს ანომალიაა. როგორც ჩანს, ეს ანომალია იყო მაისში ფრანგი შინაგან საქმეთა მინისტრის კასტანერის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზეზი. მისი ბრძანებით, 28 ივნისს ბოინგის სპეციალური რეისით თბილისში გამოაძევეს 90 ქართველი, მათ შორის ბავშვები. ნაწილი უკვე დაპატიმრებული იყო, ნაწილი იმ დილით ძალით წაიყვანეს აეროპორტში.

დასკვნა ცალსახაა - მდგომარეობა საგანგაშოა. მინისტრს აკრიტიკებენ ფრანგული არასამთავრო ორგანიზაციები სასამართლოს გარეშე გაძევების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ, პარიზი იძულებულია მიიღოს რადიკალური ზომები მზარდი ანტისაიმიგრაციო განწყობების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს მოქალაქეების ასეთი დიდი ნაკადების უკანონო დარჩენის გამო საფრთხე შეიძლება შეექმნას სავიზო რეჟიმს“, – წერს კუდავა.

მისივე თქმით, ქართული მასობრივი ემიგრაციის პრობლემას არაფერი ეშველება, სანამ ქვეყანაში სიღარიბეა, ეკონომიკური შესაძლებლობები შეზღუდული და ბევრი ადამიანი პერსპექტივას მხოლოდ გაქცევაში ხედავს. 

„მართლაც სწრაფად იცლება საქართველო და ეს თანამედროვე სახელმწიფოს უდიდესი ეროვნული პრობლემაა“, – წერს კუდავა. 

ცნობისთვის: 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის და შენგენის წევრ 30 სახელმწიფოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ, გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში  ევროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 15 სექტემბერს